შოთა ნიშნიანიძე - გმირული ეპიტაფია

ბიჭებო როცა დედასამშობლო დაჭრილი იყო მკერდში, -
სიზმარი იყო, გმირობაც იყო, სამარეც იყო ქერჩი.
იქ მიწისქვეშა კატაკომბებში, სადაც გველოდა შავეთი,
დიახ, ცოცხლები, ჩვენივე ნებით, ჩვენივე ფეხით ჩავედით.
ქვებს მივედუღეთ... ახლა ქვები ვართ...
გადამდნარი ვართ ქვაში,
ნატყვიარებს კი ქვაშიც ვინახავთ,
როგორც ვარსკვლავებს კაჟი.
ჰეი, ოსტატო, შენი საჭრეთლის ერთი შეხება გვინდა,
სამშობლოსათვის ვაშას ყიჟინით რომ გამოვცვივდეთ ქვიდან,
დაე იცოდნენ: ზევით მიწაზე, გვზრდიან ისეთი სიბრძნით,
ქვევით, მიწაში არა თუ ვცოცხლობთ,
რაც მთავარია, ვიბრძვით!

II
კურთხეულ იყოს სამშობლოსათვის გადატეხილი მახვილი,
კურთხეულ იყოს სისხლი და ცრემლი
სამშობლოსათვის დაღვრილი.
კურთხეულ იყოს სიტყვა და საქმე -
ომს რაც მშვიდობად შეცვლის,
მარადიული ობელისკები, მარადიული ცეცხლი!
იქნებ, ბიჭებო, მანდაც გრძელდება თქვენი ჯაფა და ზრუნვა
და დედამიწაც თქვენი წყალობით მშვიდობიანად ბრუნავს.

Shota Nishnianidze - Gmiruli Epitafia
შოთა ნიშნიანიძე - გმირული ეპიტაფია

No comments:

Post a Comment