შოთა ნიშნიანიძე - შიში

შიშმა და ეჭვმა შეგვძინა ცოდნა,
ცნობისმოყვარე შიშმა და ეჭვმა,
დიდი ხანია ადამის მოდგმას
აღარ აშინებს ღმერთი და ეშმა.

ათასნაირი არსებობს შიში
და არაფრით ჰგავს ერთიმეორეს:
შიში გამცემის, მთამსვლელის შიში,
შიში ქურდის და შიში მეომრის.

მაგრამ სხვაც არი შიში ნეტარი,
რომლითაც კაცი ღმერთის სწორია,
ურომლისოდაც დღე რომ დღე არის,
ერთი დღე რაა, ნუ მიცხოვრია.

ასეთი შიში, შიში საერთო,
ყველას გვაკისრებს ზრუნვას უდიდესს
მოხუცებს რამე არ დაემართოთ,
პატარებს რამე არ მოუვიდეთ.

რამდენი შიში გვაქვს გამოვლილი,
რამდენი კიდევ ჩაგვყვება ძილში
და გზააბნეულ მეტეორივით
ეცემა მიწას ომების შიში.

ასეთი შიშის არ მეშინია,
ასეთი შიში უფრო მაფხიზლებს,
ასეთი შიშის არ მეშინია
და თუ ძილია, მძინავს მახვილზე.

Shota Nishnianidze - Shishi
შოთა ნიშნიანიძე - შიში

No comments:

Post a Comment