შოთა ნიშნიანიძე - კომუნისტები

I
რომ კომუნისტის სახელი გვერქვას,
ყველა როდი ვართ ღირსი,
დაფერილია ეს სიტყვა ყველგან
სისხლით, გმირული სისხლით.

თუ კომუნისტი გქვია სახელად,
ძალა არ არის შენი მომრევი,
შენ ხალხს ეკუთვნი არა ნახევრად,
არამედ მთელი ცხოვრებით.

II
პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი წაჰგვარა
და ხალხს არგუნა სხვა მომავალი;
სწორედ შენა ხარ, რომ ვთქვათ სხვაგვარად,
მებრძოლი ღმერთის შთამომავალი...

ვერ დაიცავდა მაღალ ღირსებას, 
მართალი რომ თქვას კაცმა, –
ვერ ივარგებდა კომუნისტებად
ხერხეულიძე ცხრა ძმა?

ან არაგველნი, ან გმირი ცოტნე,
ანდა დემეტრე თავდადებული...
ცოდვა კი არის, ღმერთმანი, ცოდვა, –
ადრე არიან დაბადებულნი.

სწორედ დღევანდელ დროს უპატაკებს
და გახლავთ ჩვენი თანამედროვე:
ჯორდანო ბრუნო...
ბულბა...
სპარტაკი...
ბიჭი გავროში...
ბერი თევდორე...

III
უბრალო კეპი... უბრალო პალტო...
შიმშილი... ომი... დრო რთულზე რთული...
ის გადიოდა კრემლიდან მარტო
და ბავშვებისთვის მიჰქონდა პური.

მისი სახელი ხალხში ამზევდა,
იცხოვრა, მოკვდა ხალხის გულისთვის:
აი ასეთი,
სწორედ ასეთი,
მხოლოდ ასეთი
მწამს კომუნისტი!

IV
...ორმოცდაორის თოვლი წითელი...
ველზე გვთიბავდა ცეცხლი მყეფარე...
წამოდგა ვიღაც ყრმა პირტიტველა
და სიკვდილს მკერდით გადაეფარა.

ვაშა, დიდება ძეგლებს ასვეტილს...
იბრძოლა... მოკვდა ხალხის გულისთვის.
აი ასეთი,
აი ასეთი,
აი ასეთი
მწამს კომუნისტი!

სამშობლოს ბედი ბეწვზე ეკიდა...
ხიფათი მოსკოვს გარე უვლიდა...
არ გამოსულა იგი კრემლიდან
და არც გამოდის ხალხის გულიდან!

ის რკინის ნებას ხალხს გადასცემდა,
იცხოვრა, მოკვდა ხალხის გულისთვის.
აი ასეთი,
დიახ ასეთი,
მართლაც ასეთი
მწამს კომუნისტი!

...რომ კომუნისტის სახელი გვერქვას,
ყველა როდი ვართ ღირსი.
დაფერილია ეს სიტყვა ყველგან
სისხლით, გმირული სისხლით.

მაშ გაუფრთხილდი მაგ წითელ მანდატს –
მზისა და დროშის პაწია ნაჭერს,
არ დაგავიწყდეს: შენ საჭეს მართავ,
ლეგენდარული კომუნის საჭეს!..

Shota Nishnianidze - Komunistebi
შოთა ნიშნიანიძე - კომუნისტები

No comments:

Post a Comment