შოთა ნიშნიანიძე - სიმღერა უკრაინულ პილპილზე ანუ ტარას ბულბაზე

I
ბოსტანში წითურ ნაგაზივით ქელავს აგვისტო,
გადმოუგდია მზის წითელი თახთახა ენა...

ასი ათასი ფუტკრის ნესტარით,
ასი ათასი ჭინჭრის ბუსუსით,
ასი ათასი მათრახის სტვენით,
გადარეული ცხენების ჭიხვინით
დატენილია პილპილის დამბაჩა
და ამ დამბაჩას შთამომავლებს გვესვრის გოგოლი...

და არყის ბოთლში ჩაგდებული წითელი პილპილი
დილეგში ჩამწყვდეულ კაზაკს წააგავს...

II
გადმო, ბებერო, მაგ დილეგიდან
განიერ შარვლით გადმოფართხუნდი,

შენ ჩემს ბავშვობას ახლდი ლეგენდად,
ახლა არაყად ჯანში გახურდი...

შენ ხარ პილპილი უკრაინული,
სტეპის კოცონი და მზის ზვინული.
კაზაკის სისხლიც პილპილის წვენია
ტრამალ და ტრამალ გადაწვიმული.

მიდი, კაზაკო, სვი და იომე,
ომი და ლხინი ბედმა გარგუნა.
მთვრალი მოკვდები უფრო იოლად,
უფრო ლამაზად და კაზაკურად.

მტრის სითამამე ზღაპარ-როშია.
სანამ ხმალს ლესავ, ზაპოროჟიე.

ისევ შევხვრიპე შენი ტრფიალი,
როგორც არაყი პილპილიანი.

ნამგალა მთვარე ნალად მოხარე
და იჭიხვინე, ზაპოროჟიე,
ეგ დაჩეხილი და ნალოთარი
ღაჟღაჟა სახე დამალოშნინე...

სეჩში მოსულან ბულბას ბიჭები,
ორი მგელბიჭი ტარასიჩები.

თვალები უგავთ ქაფიან ჯამებს
და მამლისხელა პილპილებს ჭამენ.

შეთვრება ორი მწვანე წიწაკა
და ბებერ პილპილს ეტყვიან ბანს...

- პან, მათ შეჭმა თუ გაგიზრახავთ, -
ყელზე არ დაგადგეთ, გაფრთხილდით, პან!

იზრდება ორი მწარე პილპილი
ერთი მტრისთვის და ერთიც მამისთვის!..

ყმუის ტრამალის ბებერი მგელი
და სისხლიანი ამოდის მთვარე...

და როგორც ცხენი დამშეული თივიან თოფაკს,
ბანდურას ისე დაჰხვიხვინებს მთვრალი კაზაკი.

III
ჰე, ჰე, ბედო შარიანო,
რა ძნელი ხარ მოსარევად.
ვაშა წითელშარვლიანო
თარეშო და დროსტარებავ.

როცა ყმობას გვიპირებდნენ
თათრები და შლიახტები,
ბოსტნებით თუ ბილინებით
გამოვრბოდით პილპილები.
როგორც ქარქაშიდან ხმლები.

ტრამალების მზე და ქარი
სისხლს გვიდუღებს - პილპილის წვენს,
თათრის სულთანს წერილს ვუწერთ,
ხარხარით და ქირქილით ვწერთ.

შენც, ოსტატო, კაზაკურად
ნათრევი ხარ მგლის ბილიკზე,
ბურლაკების მწარე სურათს
განა ფუნჯით - პილპილით წერ.

სიყრმიდანვე გიჟური
ბედი გამეთამაშა,
ჩემი სამი მიჯნური:
ცხენი, ხმალი, დამბაჩა.

ოი, ზაპოროჟიე, რბევა ვიღამ მოსთვალოს,
ფლოქვებით გამარგლულხარ, პილპილების ბოსტანო.

კასრით ამოთქრიალდი, ლუდო ფერ-სამაისო,
კაზაკურო კოცონო, ტრამალების დაისო.

მწარეა ისტორია ჭრილობებდაღარული,
მაგრამ პილპილმოყრილი მამულის სიყვარულით.

სიძულვილიც, ტრფიალიც
და გინებაც უშვერი,
იყოს პილპილიანი,
დამსუსხველ-დამშუშხველი.

და სიტყვაშიც, სიტყვაშიც სიმართლის და სიმჭევრის
პილპილი ჩამინაყეთ, პილპილი ჩამიჭერით!..

IV
ლექსო, რად გინდა სხვა დიდება, იბობოქრე და იტარასე...
ან სახრჩობელას დაგკიდებენ, ან შეგაფრენენ გიტარაზე...

Shota Nishnianidze - Simgera Ukrainul Pilpilze Anu Taras Bulbaze
შოთა ნიშნიანიძე - სიმღერა უკრაინულ პილპილზე ანუ ტარას ბულბაზე

No comments:

Post a Comment