შოთა ნიშნიანიძე - შეიბ მახვილი!

ჰაუ, რა ცაა! რა მიწაა! ჰაუ, რა მზეა!
რა მათრობელა სიცოცხლე და სილამაზეა!

მათრობელაა ჰაერი და მზეც მათრობელა,
მთვრალივით მღერის აქ უბრალოდ ჭრიჭინობელა.

შენც არ დაგბანგოს... არ ჩაგთვლიმოს... სულ ამას ვშიშობ,
ჩემო მამაცო, მშვენიერო, ამაყო ჯიშო.

შეიბ მახვილი! შეისმინე მგოსნის ძახილი,
ოღონდ ფუნჯი და ნამგალია შენი მახვილი!

ეძინოს მტრობას ,შეუღლს ეძინოს... ეძინოს მითებს,
ეძინოს წარსულს, უფრო დიდი წარსულის კლიტეს,

არა შენ სინდისს, არა შენს სულს, არა შენს ხსოვნას,
არა შენს იმედს, შენს ჭრილობებს - დიდებულს ყოვლად.

ქართველმა კაცმა - მეციხოვნემ და მევენახემ
შენი სიმდიდრით, სილამაზით რომ შეენახე,

ადგა, სიტყვაში გადაგმალა, სიტყვაში ჩაგსვა,
მტერმოძალებულს რაკი მაინც არ ჰქონდა სხვა გზა.

მხოლოდ ქართველმა კაცმა უწყის ღმერთის წინაშე,
რა სილამაზე , რა განძი დევს ქართულ სიტყვაში.

დღეა თუ ღამე - მე გიღვიძებ სიხარულს , ტკივილს,
თავწასაგდები მამალივით ვყივი და ვყივი:

არ ჩაგეძინოს, არ ჩაგვთლიმოს, შეიბ მახვილი,
შეიბ მახვილი! შეისმინე მგოსნის ძახილი,
ოღონდ ფუნჯი და ჩაქუჩია შენი მახვილი,
შეიბ მახვილი!
შეიბ მახვილი!

Shota Nishnianidze - Sheib Maxvili!
შოთა ნიშნიანიძე - შეიბ მახვილი!

No comments:

Post a Comment