შოთა ნიშნიანიძე - ჩემი ქართულის მასწავლებელი

მარტში მამღვრევდა ფერისცვალება
და ხეტიალის ჟინი მივლიდა,
მზე საყელოში ხელს ჩამავლებდა
და გამიყვანდა გაკვეთილიდან.
ლექსის და ნუშის ნაფერთალებით
იფიფქებოდა ზეცა მიწამდე,
ჩიტებს მიჰქონდათ ჩემი ბწკარები
და ბუდეებად ხეზე იწნავდნენ.
თურმე იმ კაცსაც სენი ბურღავდა,
მგოსნობის სენი - უიმედო რამ.
თურმე თუშეთში მოყმე გულადი
ვაჟა-ფშაველას ლექსს დაეტორა.
ისიც გვიხსნიდა ჯერ დამშვიდებით,
მერე თრთოლვით და ხელების ქნევით...
ხელში შვლის ნუკრით, მხარზე ჩიტებით
მერხზე ჯდებოდა შაირის დევი,
თმაზე ეყარა ყვავილი ტყემლის,
მტვერი ვარსკვლავთა და მეტეორთა
ცალი თვალიდან სდიოდა ცრემლი
და ცრემლში ღმერთო! - მზე ეტეოდა,
თურმე რამხელა ცრემლი ყოფილა
და რა უძირო უსაშველოდა!
მთელი ქვეყნით და მზით გაჭოლვილი
მზეს რომ უძლებდა და არ შრებოდა!!

არც ხათრი გვქონდა, აღარც დანდობა,
არც მორიდება მოზრდილ ყმაწვილებს
მოვტაცეთ იმ კაცს ახალგაზრდობა
და ერთმანეთში დავინაწილეთ.
და, როგორც ანდერძს, ხშირად ვისმენდით:
,,მხოლოდ ის არის წავლის მიზანი,
რომ დაიზარდოთ სოწრედ ისეთნი,
როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი!"

კეთილო კაცო, დამნაშავე ხარ -
რაც მომიწონე ლექსი პირველი?
რად შემაჩეჩე ვაჟა-ფშაველას,
როგორც ქარიშხალს სუსტი ფრინველი.
ახლა მე მომდგა შაირის დევი,
აბეჭებზე მირტყამს ტორივით სტრიქონს,
ფშავ-ხევსურეთში ავყავარ ზევით
და ქაჯთა სიბრძნეს ფიცისქვეშ მიყოფს...
 დაე, იცოდნენ, ჩვენ საქართველოს
ისევ სჭირდება შენისთანები,
შენით ვამაყობ, ჩემო გამზრდელო,
შენს ქართველობას ვეთაყვანები.
ირემო, ბარად ჩამვოარდნილო,
თუ მოგეწევა ჟამთა ისარი, -
აყმუვლდებიან შენი დაზრდილნი,
როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი!..

Shota Nishnianidze - Chemi Qartulis Maswavlebeli
შოთა ნიშნიანიძე - ჩემი ქართულის მასწავლებელი

No comments:

Post a Comment