მიხეილ ქვლივიძე - ბეღურასავით

ბეღურასავით
გული გიცემს სულ ერთი ციდა,
შენც უფრთხილდები
შენი ბუდის პატარა სითბოს...
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან -
უკანასკნელი
სევდიანი სტრიქონი იყოს!

ავალ,
ჩამოვხსნი, დავაგორებ სპილენძის მთვარეს,
ადრე თუ გვიან -
დავიწყების გახდება ღირსი...
ოჯახში სითბო არ გაკლია,
დაასხი ბარემ,
შესანდობარი დავლიოთ მისი!

რა ვუყოთ მერე,
გული რომ გაქვს - სულ ერთი ციდა,
სამაგიეროდ ლამაზი ხარ,
ჭკვიანიც თითქოს...
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან -
უკანასკნელი
უნუგეშო სტრიქონი იყოს!

ჩამოვხსნი მთვარეს,
უსირცხვილო მგოსნების მთვარეს,
მთვარეს, გროშივით გახუნებულს,
დაგიდებ ფეხთით,
მშვენიერების სამრეკლოზე დავწყვიტავ ზარებს,
უკანასკნელად დავამღერებ:
„ო, როცა შევხვდით...“
მერე კი, ვიტყვი:
კმარა გულით ოცნების ზიდვა,
ასეა ყველა -
უფრთხილდება პატარა სითბოს...
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან -
უკანასკნელი
სევდიანი სტრიქონი იყოს!

Mixeil Qvlividze - Begurasavit
მიხეილ ქვლივიძე - ბეღურასავით

No comments:

Post a Comment