გიორგი არაბული - უპუნქტუაციო სამშობლო (და ლექსიც)

ჩვენც დროში დაკარგულ თაობას ვემსგავსებით
რომელსაც საყვედურობენ

გაიზრდებიან შვილები
ჩვენი ტკივილით გამოკვებილები
აიდგამენ ენას და მთელი ცხოვრება
ზიზღით ჩაგვეკითხებიან
- სად იყავით როცა
- ხმა რატომ არ ამოიღეთ როცა
- რაზე ფიქობდით როცა

ჩვენ არც ძალა გვექნება თავისმართლების
არც სიმართლე და ამიტომ ვერ ვეტყვით შვილებს
რომ გვეძინა
რომ გვეშინოდა
რომ ამოვქოლეთ ფანჯრები
რომ გავჩუმდით
რომ შევეგუეთ

ჩვენი შვილები ყოველდღე გაგვახსენებენ
ქუჩაში მოკლულ ადამიანებს
ნაწამებ პატიმრებს
გამქრალ და დატბორილ სოფლებს
წართმეულ მიწას
სუფრაზე დაღვრილ ოფლს
და დუმილს
რომელსაც ამოვეფარეთ როგორც მშვიდობას

სად იქნება სიმართლე
რომელ რწმენას ჩავიცვამთ
რომელ ჭეშმარიტებას ამოვეფარებით
რომელ მომავალზე ვიფიქრებთ

ძველებურად გავაბოლებთ სიგარეტს და ჩვენი წარსულით დამძიმებული კვამლი გაგვახსენებს რომ
ჩვენ დავანგრიეთ საქართველო
ჩვენ დავკარგეთ რწმენა
ჩვენ დავხოცეთ ადამიანები
ჩვენ დავარბიეთ მიტინგები
Äჩვენ დავიძინეთ

ბედნიერებიც კი ვიქნებით რადგან დავრწმუნდებით
ყველაფერი ჩვენი ბრალია
მხოლოდ ჩვენი

მერე ჩვენი შვილებიც გაიზრდებიან
ისინიც დაიწყებენ სამშობლოზე ლექსების წერას
ძველს დაანგრევენ და ვიდრე ახალს ააშენებენ
ამ ნანგრევებში ახლა მათი შვილები ჩაეფლობიან
როგორც ჭაობში და სანამ იქიდან ამოვლენ
დაბერდებინ ჩვენი შვილები

სად იქნება ღმერთი
ვის ტანსაცმელს ჩაიცვამენ გაყინული ბავშვები
რომელ კედელს ამოეფარებიან ცოლები
რომელ მომავალს დაპირდებიან მამები შვილებს
(როგორი) იქნება ჩვენი ქვეყანა

რაღა ეშველება სუფრას
რის სადღეგრძელოს დალევენ პატრიოტები
როგორ დამთავრდება ქეიფი
როგორ დამთავრდება ჩვენი ქვეყანა

მერე მოხდება დრო

შვილიშვილები
ჩვენს ლექსებში აღმოაჩენენ სამშობლოს
და წიგნის თაროზე შემოდებენ ძველ ალბომთან
ერთად

Giorgi Arabuli - Upunqtuacio Samshoblo (Da Leqsic)

No comments:

Post a Comment