გალაკტიონ ტაბიძე - დილა გამარჯვებისა

გახსოვს, წინათ, შარშანწინ, როგორც თავის ლელოზე,
შავ ფრთებს თვითმფრინავები შლიდნენ საქართველოზე.
გახსოვს უდაბურება შენიღბულთა ღამეთა?
დღეს კი სხივმა ყოველგვარ დონეს გადაამეტა.
დგანან კავკასიონის მთები მონავერცხლები,
გამარჯვების სიახლით ახმაურდნენ მერცხლები.
მოჰყევ, შავო მერცხალო, რა მზე, რა ჰაერია.
გიხაროდეს: სამშობლო ვერაგ მტერს მოერია.
აჭიკჭიკდი, მერცხალო, მართალია თუ არა -
ოთხი წლის მრისხანებამ ჩვენს გზებს გადაუარა.
არ დააცხრო, მერცხალო, ხმები ფიქრთგასართველი:
სხვებთან ერთად თავს სდებდა მეომარი ქართველი.
ბევრი იყო იმ ომში ჯარი და ჯამაათი,
ოთხნი ძმანი, ზოგანაც ექვსი, შვიდი და ათი.
გმირთა იმათ, მერცხალო, ჰპოვონ მხარე სიმრთელით,
ვით შენ ჰპოვე უვნები ბუდე შარშანწინდელი.
აქ ახლა ქვაც არ არის უხმო, უნაპერწკალო,
აჭიკჭიკდი, მერცხალო, ეშხიანო მერცხალო!

Galaktion Tabidze - Dila Gamarjvebisa

No comments:

Post a Comment