ვაჟა-ფშაველა - ბედის მომლოდნე უბედო დავრჩი

ბედის მომლოდნე უბედო დავრჩი,
გამწარდა ჩემი სიცოცხლე–ყოფა.
სხვას ვერას ვამბობ, ამას ვიძახი:
იმ დედაჩემმა რისთვისა მშობა?

რად ჩაიმწარა ძილის წამები,
რად დამათირა იავ–ნანითა,
თუ ვერ ვხედავდი ერთხელ ნათელსა,
ვეხეტებოდი მუდამ ღამითა?!

თავით მესვენა ღვთისმშობლის ხატი,
გულს მიბრწყინავდა მაცხოვრის შანა,
და დედის ლოცვას მხურვალეს ჩემთვის
გვირგვინად უდგა თავს იავ–ნანა.

ამაოდ დარჩა მშობლისა ლხენა,
გაუკუღმართდა მისი იმედი:
დედა უძლური, შვილი ბეჩავი,
ორივე ვიწვით, როგორც აბედი.

ვაი, რა ფუჭად სიცოცხლესა ვლევ,
როგორ გაცრუვდა იმედი ჩემი!
რა ცუდს ალაგას გარიყა ზღვამა
აფრა–გაშლილი მსრბოლარი გემი!

როცა აღარ მაქვს საგანი სოფლად,
მაშინ მხოლოდა სიკვდილს–ღა ველი.
რა ნუგეშია სიკვდილის ნატვრა?
ვერ ვანუგეშებ თავს მე იმითა!

რა მადლი არის სიცოცხლისათვის
ცივს სამარეში ძღომა ძილითა,
და გულ–მოკლულად სულის დალევა,
მისვლა იმ სოფლად შავის პირითა?!

რა მივუტანო ამბავი გმირთა?
რით ვანუგეშო სამშობლოს მცველნი?
ნუთუ ის ვუთხრა: ძლეულ ვიქმენით,
საქართველოზე ხარობენ მტერნი?!

ვაი, რა ცუდ დროს ჯანღი დაგვეცა,
ვაი, რა ცუდ დროს გაგვიტყდაგემი;
ვაი, რა ფუჭად გული ვაძგერე,
უკვალოდ რჩება ნავალი ჩემი!

Vaja Fshavela - Bedis Momlodne Ubedo Davrchi

No comments:

Post a Comment