გიორგი საჯაია - მთვარე-ძაღლიშვილი

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ლაშა-გიორგი - როგორც გეწერინება

როგორც გეწერინება,ისე უნდა დაწერო,
ერთი პწკარით მეტი და ერთი პწკარით ნაკლები,
შანდალს ჰგავდა ბრდღვიალას მზით ნაქარგი კენწერო,
მატარებელს მოსდევდნენ შორაპნული სახლები.

როგორც გემღერებოდეს,ისეთივე მომგვარე,
ექო უნდა მოსწყვიტო ჭიუხის კლდეს,ფრიალოს,
ლულა უნდა ბოლავდეს,ლულა ჯიხვებთმოყვარე,
ქარმა წითელჯვრიანი დროშა ააფრიალოს.

როგორც გეჩქარებოდეს,ისე უნდა ირბინო,
გული ამოვარდნილი რომ იპოვო ჯარგვებში,
კლანჭი გაჰკრას დამჭკნარ გულს,კლანჭი გაჰკრას მიმინომ,
სისხლისფერი ჩუხჩუხი რომ გავიგოთ ძარღვებში.

ლაშა-გიორგი - ჩემთან ზაფხულია ოდეს

შენთან ალბათ მიწა იწვის,
ჩემთან ზაფხულია ოდეს,
იყოს სურნელება წიწვის,
გარეთ ქარაშოტი ქროდეს.

გულში დაბუდებულ სევდას,
დრონი მკურნალობენ ღადრით,
რადგან ბავშვობიდან სდევდა
ევას უნებლიე ხათრი

ადამს მიაწოდა ვაშლი,
არვის არ ახსოვდა ღმერთიც,
წარსულს ვერასოდეს წაშლი,
საბედისწეროა ერთიც

ლაშა-გიორგი - ღრუბელმა ზეცა მოფინა

ღრუბელმა ზეცა მოფინა,
კარავში-ტომის ბელადი.
სიამოვნება ყოფილა,
როცა შენს გამო ვღელავდი.

სუყველა ჟანგმა წაიღო,
ბაბუაჩემის ცულები,
წვიმა იყო და ცა იყო
ტალღასთან შეფიცულები.

წყეული ბედი,წყეული,
ლამაზი ქალი სხვისია.
შენი კენარი სხეული
ახლა უბელო ზღვისია.

ლაშა-გიორგი - ამ ზაფხულს შენი სუნი აქვს რადგან

ამ ზაფხულს შენი სუნი აქვს რადგან
მზე იყურება შენს დამწვარ კანში,
თავზე სხივების გვირგვინებს გადგამს
გპოულობს ხევში და მიწის ქანში.

პოულობ ადგილს,მზეს ეფიცხები
და არ გადადრდებს როგორ იწვები
და შრიალებენ ძლიერ ფიცხები,
ძლიერ ალვები,ძლიერ წიწვები.

მათი შრიალი ღმერთის ენაა,
თვალებს დახუჭავ, ფიქრით გატენავ,
ჩვენი სამყარო იმოდენაა,
გაუჭირდება შენი დატევა.

ლაშა-გიორგი - მემახსოვრება

რის მაქნისი ხარ სიკვდილო მაშინ
თუ დაგასწარი მე აღსარება,
და სიცოცხლესთან ცელქი თამაში
ბოლო წუთამდე მემახსოვრება.

მემახსოვრება სამშობლოს მთები,
გადაკარგული მასზე ირაო,
არავინა მყავს სანთლის ამნთები
სული რომ შენთის დავაგირაო.

მემახსოვრება მშობელი დედა,
(აგებდა ჩემთვის ალბათ კიდობანს)
როცა პატარას უკან დამდევდა,
სიჭაბუკეში სწევდა გიდობას.

და მახსოვრობის ფერადი ლენტი,
გარდაიქმნება,როგორც ცხოვრება,
არც ნაკლები და არც ბევრად მეტი,
შენთან შეხვედრა მემახსოვრება!

როინ აბუსელიძე - მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ

მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ,
ამ ბოლოს დამჩემდა ფიქრი და ანკესი,
სიყვარულს ძალიან ხმამაღლა ვყვირივარ,
სიყვარულს ვყვირივარ და შენ კი არ გესმის.

დაცურავს კალმახი და ჭალის კანაფებს,
მივყავარ სადღაც და ვეჩვევი ხეტიალს,
შენსავით ამ ქვეყნად არ ვნატრობ არაფერს,
თუმც ძაღლის ყველაზე უბედო ბედი მაქვს.

წვებიან დღეები მოდიხარ ჩემთან და
მწყევსით გარეკავ ამ დარდს და კაეშანს,
მზეც ისევ გაწვება დაღლილი კლდესთან და
თულექსებაცრილი საღამოც დაეშვა -

ოთარ ჭილაძე - შიში

დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს,
ფრთებდაგლეჯილი ქვითა და ქვიშით...
მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.

ეს სულ არ არის ამინდის ბრალი,
არც ღვინის ბრალი... მეც ვგრძნობ და ვიცი,
თუმცა ხეები გვანან დღეს მთვრალებს
და მტკვარიც თითქოს შიგნიდან იწვის.

ეხეთქებიან ტოტები ტოტებს,
ზეცას იკლებენ ვაით და ვიშით.
და მაინც, ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.

გალაკტიონ ტაბიძე - ათოვდა ზამთრის ბაღებს

ათოვდა ზამთრის ბაღებს,
მიჰქონდათ შავი კუბო,
და შლიდა ბაირაღებს
თმაგაწეწილი ქარი.

გზა იყო უდაბური,
უსახო, უპირქუბო.
მიჰქონდათ კიდევ კუბო...
ყორნების საუბარი:

დარეკე! დაუბარე!
ათოვდა ზამთრის ბაღებს.

ტერენტი გრანელი - SILENTIUM

ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).
სულში უიმედო სივრცე გაიშალა,
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.

ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.

ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.

ლაშა-გიორგი - ერთი სული მაქვს

ერთი სული მაქვს ძმობილო,
ამას ვერავის შავწირავ,
წვიმავ,ზეციდან ხმობილო,
ნუ გამშორდები,შამცივა.

გულიც ერთი მაქვს ტიალი,
ჭია არ იცის,ბაცილა,
სამშობლო მიყვარს მთლიანი
და არა ნაწილ-ნაწილად.

გზას გაუყვება აღალი
და მარტოსული ვტირი მე,
ფიქრი ერთი მაქვს მაღალი
ქალაუ შენი ჭირიმე!

როინ აბუსელიძე - ტაიმ-აუტი

დღეს ისევ წვიმაა ამინდის ტაქტიკა,
წვეთები ტოვებენ ტოტებზე სტალაქტიდს
და ხვდები პოეტიც რომ უფლის ტაქტი ხარ,
უბრალოდ ქრისტეში ვერაფრით დალაგდი.

უბრალოდ იესო ვერაფრით დალაგდა,
ამ ცოდვანაგროვებ შენსა და შენს შორის,
გრჩება საკამათო ჩონჩხიან ქალაქთან,
შიშველ მეფეებთან და როგორც სენსორი,

ისეა დღეს შენი დამპალი ლირიკა,
ღმერთშია შველა და ღმერთშია ხაფანგი,
ყველა სინანული მან ჩამოგირიგა,
როდესაც ტკივილებს ნერწყვივით ყლაპავდი.

როინ აბუსელიძე - მიზეზი

ქუჩა ლექსისთვის ეძებდა საბაბს,
შენ კი გამოვლა დააგვიანე,
იმ დღეს არ გეცვა ლამაზი კაბა,
თუმცა ამინდი იყო მზიანი,

თუმცა მგზავრებიც სხვადასხვა გზებით
ვიდოდნენ, ბევრმა სურვილიც ზოგა,
შენ ტრამვაიში აგქონდა გზნება
და უნებურად ამოგყვა ზოგი.

შემდეგ ჰაერიც ნელ-ნელა გალხვა,
მოესპო დუმილის ხმაურის მიჯნა
და როგორც ტაძარს - გიცქერდა ხალხი
და მხოლოდ ერთი იწერდა პირჯვარს.

როინ აბუსელიძე - ეს ლექსი

ეს სიცხე - მორიგი დღეების ბათმანი,
უცქერ და ვერაფერს ვერ ამჩნევ გარედან,
ზაფხული მწამს ჩვენი გრძნობებით გათბა ნინ
და ახლა ისე ვართ არ გვყოფნის პლანეტა.

სული იხუთება და უკვე რამდენი
თვე არის რაც ასე ვბერდებით შიგნიდან,
მე ისევ მიყვარხარ და ისევ ცამდე ნინ,
წყენას კი წერისას ფრჩხილივით ვიკვნიტავ.

მომბეზრდა ამდენი უაზრო ლოდინი,
უშენო დღეებიც შემძულდა საშინლად
და როცა ვიჩხუბებთ უბრალოდ მოდი ნინ,
ეს ლექსი გახსოვდეს, ეს ლექსი მაშინაც.

თორნიკე ნაროზაული - სულ რომ არაფერი

სულ რომ არაფერი - სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი - სულს აგიწიოკებს,
სამშობლო - არხვატი, მტირსათვის - შიშეთი!
ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.

სულ რომ არაფერი - გული მაქვს იმხელა,
რწმენა - ქრისტიანის, მთებს რომ აზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი... ისეთი სიმღერა...
აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს!

სულ რომ არაფერი - ისეთი ქალი მყავს,
ისეთი შვილი მყავს - სამოთხის მარცვალი,
როგორ ვთქვა - "ასეთი სამშობლო არ მიყვარს?!.."
ასეთი სამშობლო რა განძში გავცვალო?

ლაშა-გიორგი - ნეტავ რაზე ფიქრობენ უფალთან რომ მიდიან

ღმერთზე რატომ ვერ ვფიქრობ,ნუთუ ასე დიდია?
გზაზე ბევრი ვარდია, მეტი - ეკალ-ბარდები,
ნეტავ რაზე ფიქრობენ უფალთან რომ მიდიან,
ანდა რაზე ვიფიქრო სიკვდილს რომ ჩავბარდები!


იმედი მაქვს ინათებს,იმედი მაქვს ხვალისა.
ღამე დადგა,ამ თვეში ბოლო დამარცვალება,
ხვალ დავკრიფავთ სისხამზე დილის ცვრიან ყვავილსა,
დავიჯერებთ - შორსაა ჩვენი გარდაცვალება.


ხელს გვიქნევდეს ღრუბელი ლურჯი ფერის იმედით,
სიზმრად ვნახოთ-ჩვენ ორნი დიდ თეთრ კოშკთან მივედით.
რომ არასდროს დატოვოს ძველი ქოხი ალიზმა,
მუდამ შენი მხიბლავდეს შორეული ქარიზმა.

ლაშა-გიორგი - ბრმა რეი და ბანები

სტინგი,ტოტო,ირაკლა,
ბრმა რეი და ბანები,
თბილისის მზეს ირეკლავს
შავი რეიბანები.

იქით-პოლკა,მაზურკა,
ხალხი გადაჯარული,
აქეთ-ცეკვა ლაზური,
წყლის პირას აჭარული.

მე არ ვიცი ეს განა?
რად ღელავს ქარში ყანა?
დავდივარ განდაგანა,
მიყვარს ჩემი ქვეყანა!

თორნიკე ნაროზაული - ვარ სხვანაირი ფერის თვალება

ვარ,
სხვანაირი ფერის თვალება,
უბრალო ბიჭი, შავი სამოსით,
და რადგან ჩემი ფერისცვალება
ღმერთმა ინება, სასაფლაოსი
კარი უთუოდ უნდა გაიღოს,
და დამარხული აღსდგეს მკვდრეთიდან
საბრალო სული. მიწამ წაიღოს
სხვა დანარჩენი, რადგან ვერ ვიტან
სიმყრალით მოსილ სურნელს სამანის,
წყვდიადით მალულ სინათლის სხივებს,
რომ ჩამიბნელეს ვიწრო სავალი,
რომ მიმატოვეს, არ მომისმინეს...

თორნიკე ნაროზაული - წვიმს

ისევ წვიმს... ისევ წვიმს... ისევ წვიმს...
და თვალებს მე შენსას დავეძებ,
წვეთებში, ცრემლებში, ფიქრებში,
და მინდა წვეთივით დავეცე
მიწას, რომ ვიწამო - ლაზარე
და ობლად დამრჩალი არხვატი,
(იესოს ცრემლებით ნახატი),

თუ ოდეს სიკვდილათან დაზავდნენ,
წვეთივით მკვდრეთიდან აღადგენს,
ოთხდღე თუ ათასდღე მკვდარყოფილს,
ქრისტეჲ კვლავ სანთლად აღანთებს,
რამეთუ სინათლე არ გვყოფნის.
ისევ წვიმს... ისევ წვიმს... ისევ წვიმს...
მივყვებით მე და შენ ქვაფენილს,
წვეთისფრად, ცრემლისფრად გაფერილს,
და გვეწვის, შენ გეწვის, მეც მეწვის
ლაზარე - გუშინ, რომ დავმარხეთ,
და ობლად დამრჩალი არხვატი,
იესოს ცრემლებით ნახატი -
განახებ აღდგენილს განახებს!

ვფიცავარ ამ წვეთებს, ამ წვიმას,
სამშობლოს მკვდარიც არ გავწირავ!

ლაშა-გიორგი - მე ცა ვარ!

არაფერს არ ვითხოვ,მივყვები წვრილ ხაზებს,
შენს ჩურჩულს ვერ ათბობს ცივი მზე ზამთრისა,
თონეში ჩაუკრავთ პურები ხაბაზებს,
ამბობენ იმ მთისას, ამბობენ ამ მთისას.

უკნიდან მომძახის სიცივის მეწყერი,
შეჩერდი! დამიდექ! დამნებდი! დამნებდი!
მე მენატრება ყანები მეჩხერი,
და სოფლის წისქვილის ტბორივით თავნები.

ირგვლივ კი ქალაქი...ხმაურის ტალღები,
თაღები! თაღები! თაღები! თაღები!
მე წავალ! მე წავალ! მე წავალ! მე წავალ!
მე ცა ვარ! მე ცა ვარ! მე ცა ვარ! მე ცა ვარ!