გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.
დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“,
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი.
რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.
შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი,
და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი,
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.
რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.
Pavlo Iashvili - Poezia
პაოლო იაშვილი - პოეზია
ყველაზე მაგარი პოეტია :)
ReplyDeleteსაიტის ადმინისტრაციასთან თხოვნა მაქ და როგორ დავუკავშირდე?
გასაოცარია <3
ReplyDeleteგასაოცარია <3
ReplyDeleteპოეზია ეს არის ის რითაც პოეტი სულდგმულობს და მისი სიცოცხლე არაფრად არ ღირს თუ მას მუზას შეუჭამს ბოკა.
ReplyDeleteShokshivar
ReplyDelete❤❤❤
ReplyDelete