შოთა ნიშნიანიძე - "მე რომ ოდნავად მოვტყუვდე შენში"

მე რომ ოდნავად მოვტყუვდე შენში,
ან რომ ოდნავად გამართლდეს იჭვი
ამაზე ფიქრი ჭკუაზე შემშლის,
ღმერთმა ნუ ქნას და გამხელაც მიჭირს.

ო, ჩემო ბავშვო, მაგ თვალებს გარდა,
ვერ დავუჯერებ ვერავის თვალებს,
ვეღარ ვენდობი მე ვერვის ღიმილს,
ვერც ვერვის ჩურჩულს, ვერც ვერვის ალერსს,

ყველაზე მეტად მე შენი მჯერა,
შენ მინთებ გულში იმედის კოცონს,
არცერთი სიტყვა არ გითქვამს ჯერაც,
რომ ჩემს თვალებში არ შეამოწმო

ბედნიერი ვართ ჩვენ ჩვენი ბედით
სიშორის სევდას ჩვენ უკვე ვძლიეთ…
მე რომ ამქვეყნად არ ვიყო შენთვის
შემეცოდები რატომღაც ძლიერ…

რადგან შენს მოვლა პატრონობაში,
(სიყვარულიც რომ ეფიცათ ბევრი)
ბედ-იღბალს შენსას, სათუთო ბავშვო
ვერ მივანდობდი ჩემს გარდა ვერვის.

შენ ჩემი ნახვა ყოველ წუთს გინდა
გინდა სუნთქავდე ჩემს შორი-ახლოს,
ვერ დაიძინებ იმ ღამით მშვიდად
ერთი საღამოც რომ ვერა გნახო

და მთელი ღამე ვით საყვედური,
რაღაც უცნაურ ტკივილის მჩენი,
შვებას არ მომცემს მაგ თვალთა მდურვა
არ მომასვენებს ჩურჩული შენი…

Shota Nishnianidze - Me Rom Odnavad Movtyuvde Shenshi

No comments:

Post a Comment