ილია ჭავჭავაძე - იანიჩარი

აგერ რაზმიდამ ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა,
შორსა გაჰფანტა თრთოლით ხმა მისმა რახტისა ჟღერამა...
მიჰქრის, მიფრინავს, მიჭექავს, უკან მისდევს მტვრისა ბუქი,
მასზედ ჰზის ივერიელი ჭაბუკი ვინმე ჩაუქი.

აგერ უეცრად რაღაცამ ჰაერში გაიკრიალა,
თურმე, მან თოფი თავისი შეაგდო, შეატრიალა,
მერე ლამაზად ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ გადმოწვებოდა,
ხან ცხენიდამა ხტებოდა, ხან ზედვე შეჰფრინდებოდა.

შვენოდა იგი ჭაბუკი ცხენზედა, ვით ალვა რგული,
მაგრამ მე, მის მჭვრეტელს, ნაღვლით ამერია სული, გული...
ვსთქვი თუ, ვისთვის შენ კისკასობ, ვისთვის იჩენ სიმარდესა?
შენი რაა, რომ ამშვენებ შენს დამღუპველს ოსმალეთსა?
შენს სიმარდეს, სიჩაუქეს ქართლი შენი არ დაჰყურებს,
მეფე შენი თავის ქებით ჭაბუკს გულს არ გიხალისებს!..

ილია ჭავჭავაძე - დაკარგული ედემი

ვის უნახავს ის ედემი შლილი,
სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი,
როგორც ტკბილია გამოღვიძება;
სადაც ბუნების თავისუფლება
მონებას, როგორც უხმო ყვედრება,
ცოცხალ ფშვენითა უყენებს თვალსა;
სად დაუკარგავს მშვენიერ ხალხსა
იმ თვით ედემში თვისი ედემი?
ვის უნახავს ის, სამშობლო ჩემი?..

ილია ჭავჭავაძე - გაზაფხული

ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.

აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?

ილია ჭავჭავაძე - ბაზალეთის ტბა

ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო, წყლის ქვეშე,
უცხო წალკოტი ჰყვავისო.

მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს, თურმე, არ სჭკნება,
ქვეყნისა დროთა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.

ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.

ილია ჭავჭავაძე - 1871 წელი 23 მაისი

ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი
დიდი დროშა დაიშალა...
კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ
იგი დროშა დასცა დაბლა.

კვლავ ეწამა მოყვასთათვის
საოცარი იგი ერი,
კვლავ დაიდგა დიდ წამების
მან გვირგვინი მშვენიერი.

კვლავ ქვეყნისთვის დაიღვარა
წმინდა სისხლი წამებულის,
კვლავ დამარცხდა დიდი საქმე
ყოვლად მხსნელის სიყვარულის.

ილია ჭავჭავაძე - ოჰ, სად არიან, სიჭაბუკევ, სიტკბონი შენნი?

ოჰ, სად არიან, სიჭაბუკევ, სიტკბონი შენნი?
სად არს აღმტაცის სიყვარულის ტანჯვა, სამოთხე?
განძრცვილვარ გრძნობით, უდროოდა მეკვეთნენ ფრთენი,
გაზაფხულია, მე კი ვდგევარ ვით უფოთლო ხე.

აღმესპნენ იგი საოცარნი ყრმობის სიზმარნი,
გულმა დაჰკარგა იმ სიზმრების სარწმუნოება...
თვალ-წინ მიყრია უკეთესნი ყვავილნი მჭკნარნი,
მომიკვდა ეჭვ-ქვეშ მაცხოვარი თვით სასოება.

ჭკვამ მოჰკვეთა ფრთა ჩემ ჭაბუკ დღის ლაღსა გრძნობასა,
ცივად დაარქვა ”ფუჭი ალი” ღვთიურ ტრფობასა,
მან დამინგრია წმინდა გრძნობის წმინდა ტაძარი...
ვაი, მას, ვინცა ჭაბუკობას ჭაბუკ არ არის!..

ილია ჭავჭავაძე - მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით

მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,
როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,
და ქალწულების კრთომით, მორცხვობით
მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე;

მე დაგყურებდე ტრფიალებითა,
შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;
მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა
მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.

ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა.
ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე
და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა
შენის სიწმინდით ვიგერიებდე...

ტერენტი გრანელი - არ მინდა საგნის დასახელება

არ მინდა საგნის დასახელება,
ის არის მგზავრი ამნაირ დილის.
იქით მთებია, აქეთ ღელეა
და მინდორს ფარავს ხეების ჩრდილი.

ჩემი იღბალი მუდამ ასეა,
ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის.
ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,
ასე უზომო ხეტიალისთვის.

ბაღში ფოთლები ისევ გროვდება,
ფოთლები, ასე შორს დაფენილი.
და ახლა გვიან მე მაგონდება,
ფიქრი, მოსული და გაფრენილი.

ტერენტი გრანელი - არ შემიძლია და მე ავად ვარ

არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.

ტერენტი გრანელი - არა მყავს ტოლი

არა მყავს ტოლი,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
და როგორც თოვლი
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.

სხვა ფიქრი მივლის
და საშინელი სიკვდილის ლანდი.
მე მინდა ძილი
და ეს სიზმარი გათენებამდის.

დგას წამი თრთოლვის,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
კვლავ, როგორც თოვლი,
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.

ტერენტი გრანელი - ასე მძიმეა შიში სიკვდილის

ასე მძიმეა შიში სიკვდილის,
ასე ერთი და მუდამ იგივე.
და ისევ დარდით და ისევ დილით
ალლიდი ოტტოს საფლავთან მიველ.

ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი
და ეს ოცნება მზესავით დადის.
დავდივარ ნელა საფლავებს შორის
და ირგვლივ ბრწყინავს დღე ორშაბათის.

ტერენტი გრანელი - ალბათ მოვა დრო

ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

ტერენტი გრანელი - არავინ მოდის

არავინ მოდის და ვატყობ, რომ
ჯობდა სამარე სხვაგან მეპოვა.
საშინელია ეს სავადმყოფო,
სიკვდილის ბინა და სამეფოა.

მიწიდან მოდის ღამე თანდათან,
საღამოს ბაღში ჰქრიან ბინდები.
არ შემიძლია, გული გათავდა,
მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები.

გრიგოლ აბაშიძე - დაჰკრა ჟამმა

დაჰკრა ჟამმა და უკანასკნელი
გზის დასასრულიც თითქმის განაღმა,
თავს აღარ ვაქნევ როგორც ასკილი,
და ყველაფერზე არ ვარ თანახმა.
მაგრამ დინებას მაინც მივყვები,
თუმც თვალს არ ვხუჭავ
კლდეს რომ ვაწყდები
და მომჟივიან უკან სიტყვები _
წამოფრენილი ჩემი ბარტყები.

გრიგოლ აბაშიძე - გაქრა ოთხმოცი წელიწადი

გაქრა ოთხმოცი წელიწადი,
დადნა წამებად,
არც გათენება მიხარია,
არც დაღამება!
სიცოცხლე გრძელი რომ მეგონა,
მოკლე ყოფილა,
მოკლე ყოფილა _
თვალის ერთი დახამხამება.

სიკვდილის ლანდი ძუ მგელივით
მომდევს ძუნძულით,
სად გავექცევი, წლების ტვირთით
მხრებდახუნძლული,
სულ მალე ფეხის დასადგმელიც
აღარ დამრჩება,
არყოფნის ზღვაში იძირება
ჩემი კუნძულიც.

გრიგოლ აბაშიძე - ამას მკარნახობს ფიქრიც, შეგნებაც

ამას მკარნახობს ფიქრიც, შეგნებაც,
სამყარო ცეცხლში თუ დაინთქმება,
სიცოცხლეს აზრი მაინც ექნება,
თუ საქართველო კიდევ იქნება!

გულწრფელად ვამბობ სათქმელს, გულღიად,
დე, მკრეხელობად ნუ აღიქმება:
სხვა ყველაფერი წყალს წაუღია,
თუ საქართველო აღარ იქნება!

გრიგოლ აბაშიძე - ამ სოფლის წესი

ამ სოფლის წესი ეს იყო, ალბათ, 
ვინც ამაშენა, მანვე დამშალა! 
მიტომ მასმევდა წვეთ-წვეთად შარბათს 
რომ ბოლოს მესვა მხოლოდ სამსალა. 

და ეს მავიწყებს ყველა სატკივარს, 
გულს ჩამრჩა დარდის ერთი ნესტარი, 
მეც სამარეში ისე ჩავდივარ, 
სამშობლოს საშველს ვერ მოვესწარი!..

ლადო ასათიანი - ქართლის გზაზე

ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!…
რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;
მინდვრებს, გორაკებს, ფერდობებს ეფინება და ედება,
გზაში ყაყაჩოს შეხვედრა სიკეთედ დაგვებედება:
სულ ახალგაზრდა ვიქნებით, გული არ დაგვიბერდება!

ჰეი, ძმობილო, შეხედე რამდენი ყაყაჩო გაშლილა!…
რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა
მოდი, ჩვენ ესეც ვიკმაროთ და სხვა დიდება ნუ გვინდა,
ყაყაჩომ თუ მოგვანათოს ლამაზი ქალის შუქითა!

ლადო ასათიანი - სალაღობო

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

“კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!”

დაუკარით,რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქარველოს ძლიერებას გაუმარჯოს!

ნიკო გომელაური - ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.

იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

ნიკო გომელაური - არ ჩერდებაო დრო

არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…

ნიკო გომელაური - ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს

ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…

აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა

მურმან ლებანიძე - ციცო

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე _ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

მურმან ლებანიძე - სარეველა

ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს,
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს – კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას – ჯიშით, ჯურით
ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს
ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც
ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!

მორის ფოცხიშვილი - მატარებელი წვიმაში

ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
წამოგვეწია გრაკალთან წვიმა,
წამოგვეწია სიმღერა თითქოს.

დარაჯებს ჰგვანდნენ მრუმეში ხენი,
მთვარე უძინარ მორიგეს ჰგავდა...
არვის ესმოდა ჩურჩული ჩვენი
ჩვენივე ცხელი გულების გარდა.

ელნათურები ელავდნენ შორით,
ვეღარ ვარჩევდით სადგურებს თვალით
და ვრცელდებოდა ჩვენს ირგვლივ ჭორი
როგორც თუთუნის მსუბუქი კვამლი.

მორის ფოცხიშვილი - დაწყობილი ცხოვრება

ნამეტანი დაწყობილი ცხოვრება
არც არავის არ არგია, ტიტე, -
ჩემი ოქროს მტევნები
ჩემივ დარდის საწნეხელში
სულ ფეხებით ვჭყლიტე...
არ ინატრო გვირგვინი და დიდება,
არც რა ტაში, ზარზეიმი, ტიტე, -
ჩვენ პატარა პალიტრა და ასპარეზი გვჭირდება,
ცარგვალივით ვარსკვლავებს რომ იტევს.
ნამეტანი დაწყობილი ცხოვრება
არც არავის უნატრია, ტიტე!

მორის ფოცხიშვილი - ლევილის მწუხრში

ლევილის მწუხრში დავრჩით მარტონი,
ხილვა იყო თუ გამოღვიძება,-
ქრისტეს პერანგში
მერაბ ბატონო
იდგა ღვთის წინ და
პირჯვარს იწერდა.

არც რას ამბობდა,
არც რას იტყოდა,
ცა ეღვრებოდა სულში იოდად,
ყრმას ცხრა აპრილის ყველა ჭრილობა
გულში სჭირდა და
გული სტკიოდა.

ქართულ ნაღვერდალს სიტყვა ქართული,
აქეთ მაწვდიდა სანთელ-საკმეველს,
მრევლში საფრენად ფრთებშემართული.
შავ ცხენზე იჯდა წმინდა გიორგი,
წინ წამებულის დიდი გზა იყო,
მკლავკურთხეულის ყველა გმირობის
ხმალი ვადაში გადამტყდარიყო.

მორის ფოცხიშვილი - გაკვეთილიდან გაკვეთილამდე

ყრმობის გალიაში
ჩიტივით ჩაკეტილი
ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, -
დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,
შუბლზე მაკოცა და... წავიდა...

ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი
ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, -
ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი,
თავი დამიკრა და... წავიდა...

ზეცა ჩამომექცა დარდის დარად,
არადა, შეცოდება არ მინდა,
სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა,
გაშალა ქოლგა და... წავიდა...

მორის ფოცხიშვილი - გულს ვიფიცებ

გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ,
ჩემს მღვიმეში, ბგორგავ, როგორც მწირი, -
მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ,
მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი.

ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო,
ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, -
მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბრობ,
მე რა მეთქმის, ჩემს სიმღერას ვმღერი.

თეთრი სევდით გათლილი მაქვს ფანქრები,
და ჩემს ცაზე გაშლილი მაქვს ფრთები, -
მე რა მიჭირს, ჩემს მიწა-წყალს ვაკვდები,
მე რა მეთქმის, ყვავილებში ვჭკნები.

მორის ფოცხიშვილი - გოგლაურა

რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ,
უფსკრულებზე გვმართებს ხიდის გადება, -
„ავდგეთ ფეხზე, ვადღეგრძელოთ სწორედ ახლა,
ახლა ვინც იბადება!“

სიჭაბუკე აღმაფრენის წრიაპს იკრავს,
მწუხრი მთებზე დაშვებულა ფარდებად, -
„ავდგეთ ფეხზე, თაყვანი სცეთ ისეთ ცისკარს,
ახლა რომ ცისკარდება!“

კარგად ვიცით, რა გვქონდა და რასაც ვკარგავთ,
მზე ამოდის, ვენაცვალე ღვთის ნებას, -
„ავდგეთ ფეხზე და ავეკრათ ისეთ ცარგვალს,
ჩვენთვის რომ გაიხსნება!“

მორის ფოცხიშვილი - არის

წყაროში არის სხვა წყაროც,
რასაც ვერ ხედავს თვალი,
არის ხილული სამყარო
და უხილავიც არის.

სტარტში - ტრასა და ფინიში,
ზარში - ზრიალი ზარის, -
არის სიცილი ტირილში
და სიხარულიც არის.

არის... ოცნებას ვინ გაშლის,
ქარში სისინებს ქარი, -
არის სიცოცხლე სიკვდილში
და უკვდავებაც არის!

მორის ფოცხიშვილი - იარა

ჩემივე მოდგმის შემრცხვა,
გულზე რომ გადამიარა
ადამიანმა - მხეცმა
და მხეცმა - ადამიანმა.

მაინც მიშველა ერთმა,
როს მომიშუშა იარა,
ადამიანმა - ღმერთმა
და ღმერთმა - ადამიანმა.

მორის ფოცხიშვილი - თუ ხარ კაცი და თუ ხარ ქართველი

შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან,
ხალხს გააგონე შენი სიმღერა,
იქ განეცხადე
შენს მრევლს სულმნათად,
სადაც ქართული სისხლი იღვრება.

შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან?!

იქ უნდა იყო, სადაც სხვა არი,
სადაც ზღვა არი
ძმათა მრავალთა, -
იქ უნდა შეკრბეს ქართვლის ლაშქარი,
იქ უნდა სჭედდე
შენ შენს სამართალს...

მორის ფოცხიშვილი - ჩუმად

მზე ამოვიდა ჩუმად, ჩუმად ჩავიდა მზე,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
თოვლი აცვივა გზებს...
ფიქრი თევზივით ცურავს,
სიჩუმე ნაპირს ხრავს,
ქარი არის და სულაც,
სულაც არ იღებს ხმას.

ნაკადულები სდუმან... და შორს, ძალიან შორს,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
ვიღაც გვირგვინებს ქსოვს.
დღე იკარგება წყნარად, -
დუმს, ყველაფერი დუმს
და გული ყვირის, მაგრამ
ვინ რას გაუგებს გულს?!

აკაკი წერეთელი - ინტერნაციონალი

აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!
გაიღვიძე პროლეტარო!
ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ
ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო!

უნდა მტერი დავამარცხოთ,
ძალმომრევი, უსამართლო!
რა გვაქვს მასთან ჩვენ საერთო,
საპირფერო ან სამადლო?

ეს იქნება საბოლოო
შეტაკება... მწარე ომი!..
და, თუ ვსძლიეთ, ჩვენთან ერთად
გაიხარებს ყველა ტომი.

აკაკი წერეთელი - იმერული სიმღერა

პატარა საყვარელო,
რისთვის მომიკალ გული?
გალიაში გაგზარდე,
ვით მაისის ბულბული.

შაქრით მყავდი გაზრდილი,
შენთვის ვლე კიდის-კიდე!
პატარა საყვარელო,
ცეცხლი რად მომიკიდე?

გული შენ მოგიძღვენი,
სულიც ხომ შემოგწირე!
პატარა საყვარელო,
შენ რაღად დამამცირე?

აკაკი წერეთელი - იმერული ნანინა

ვუძღვნი საბატონო ყმების ახალშობილ შვილებს

გაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო?
დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო...
დაიძინე ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

დედა ეტყვის: “გენაცვალოს შენი მშობელიო,
ძუძუებში ჩაგივლია პაწაწა ხელიო!
შენს ვაჟკაცობას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო,
მამიშენის ბედის არ ხარ, შენ სხვა ბედს ელიო:

შენი ვარსკვლავი სხვა არის! - ბედმა გიცინაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

აკაკი წერეთელი - ილიას მოკვლის გამო

I
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას
და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!..
ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა
საქართველოს ბედისწერა?

არა, არა!.. მითქმა-მოთქმა -
ეს მშიშარა ტყუილია...
ის მშობელი არ მოჰკვდება,
წარმოშობა ვინც ილია!

გრძნობა კვდება, გონება კი
ეკუთვნის წინ, მომავალსა...
გაჰყავს ხიდი ცხოვრებისთვის
და უკაფავს გზა და კვალსა.

აკაკი წერეთელი - თქვენი ჭირიმე

ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!…
ვიცინი, აღარ ვტირი მე.
ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ
გამოდით, თქვენი ჭირიმე!…

ბევრი რამ მითქვამს… რომ მეთქვა,
დავიმახინჯე პირი მე!..
ახლა არ გვგლეჯენ ენასა, -
სთქვით რამე, თქვენი ჭირიმე!

“ასჯერ გაზომეთ და ერთჯერ
გამოსჭერთ,” ახლაც ვყვირი მე.
ნუ აჩქარდებით! ნურც შიშობთ,
გამტკიცდით, თქვენი ჭირიმე!

აკაკი წერეთელი - ზღვაო, აღელდი, აღელდი!

ზღვაო, აღელდი, აღელდი,
ქარტეხილს დაემორჩილე!
აამთაგორე ტალღები,
კიდეებს გადააცილე!

მარგალიტების სალარო
შენი უფსკრული გულია,
მყუდროების დროს ის განძი
ქვეყნისთვის დაფარულია.

მხოლოდ როდესაც მრისხანებ,
გულს უხსნი მზეს და მთვარესა,
იმ მარგალიტებს შესტყორცნი
შენ შემკვრელს არემარესა.

აკაკი წერეთელი - ვაჟა-ფშაველას

ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს!..
მკითხველიც იმას მკისაო!

ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,
მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა;
შენ დამიხატე ის მხარე
ფშაურის ჭკუა-გრძნობითა.

და რაც არ გადმოგიცია
მის შვენებაზე ენითა,
მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს,
შენთანვე აღმაფრენითა.

აკაკი წერეთელი - დედის სიმღერა

ცხრა თვეს მუცლით გატარებდი,
“ვაით” გშობე, “უით” გზარდე,
და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ
უფრო დედას რომ უყვარდე?

ქალი მამას ქმარში გასცვლის,
ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;
მაგრამ დედას შვილის ტრფობა
სამარეში თან ჩაჰყვება!

ახლოს გული მისთვის უძგერს,
შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება:
უფიქრელად თავს შესწირავს, -
დედა თვის შვილს ენაცვლება!..

აკაკი წერეთელი - გულის პასუხი

მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი და უკვდავება!

ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში
მცველ-ანგელოზად მელანდებოდი,
და, ვით ხატის წინ წმინდა სანთელი,
უბიწო მსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი.

უხმო-უსიტყვო გრძნობათა ლოცვა,
საანგელოზოდ რომ ენთებოდა,
ციურ მანანად, ნუგეშის ცრემლად,
უჩინრად გულსვე ეწვეთებოდა.

აკაკი წერეთელი - გორი

გორო, ქართლის შუაგულო
მეთაურო ქართლისაო,
ადრე ღირსად წამებულო,
დღესაც მთქმელო მართლისაო!

ძირს გორის-ჯვარი დაგყურებს,
მაღლით თვალი უფლისაო,
ერთგულო და საიმედო
წილხვედრის ღვთისმშობლისაო!

ძველად მისთვის სისხლის მღვრელო.
დღეს ცრემლის და ოფლისაო;
ტყვის დამხსნელად მონამზადო,
საიმედოვ ობლისაო!

აკაკი წერეთელი - გოდება

გულო, გლახ-გულო, დაგულო!
რად ერთ წერტილზე ჩერდები?
როგორც სხეული, შენც ისე
არ სჭკნები?... არა ჰბერდები?

რატომ არ ჰკარგავ შენც ხორცთან
გრძნობის ძალსა და ღონესა?
და რათ აცდუნებ მოხუცსა,
ჭაბუკად თავის მგონესა?

წყეულიმც იყოს აწ ჩემიც
უდროვო გრძნობა-გონება!...
ადრე სხვის დამმონებელსა,
დღეს სხვისი მინდა მონება!

აკაკი წერეთელი - გლეხის საჩივარი

დიდება შენდა, უფალო!
რასა გვთხოვს? რა მოუცია,
რომ ჩამოგვიდგა ჭირივით
სოფელში ეგზეკუცია?

სადღაც ვიღაცას რაღაცა
ვითომდა ჩაუდენია,
ახლა ჩვენ გვახდევინებენ,
მოგვდვეს ცეცხლი და გენია!

კომლზე სამ-სამი თუმანი
ადვილად გაუწერია!
თითქოს ეს გადასახადი
გლეხისთვის არაფერია!

ტერენტი გრანელი - MARGUERITE

შენ მიდიოდი ნისლიან გზაზე
და კანკალებდა რტოები ვაზის.
გველივით გდევდა ცრემლების ზღვაზე,
მკვდარი დღეების ცისფერი ხაზი.

ეს იყო დარდი, სულის დაღალვა
და სისხლიანი ბედი ქრისტესი.
ცოდვილ დასავით მიგაჩნდა ალბათ,
სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.

გესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან
და გაწვალებდა თოვლი და ქარი.
ძველი დღეები შენ წინ ჩნდებოდა,
როგორც ლანდები ლურჯი სიზმარის.

ტერენტი გრანელი - ადგილი

ფიქრის ადგილი
სივრცე მზიანი,
სევდა ნამდვილი
ადამიანის.

სევდა ნამდვილი
ადამიანის,
ფიქრის ადგილი -
სივრცე მზიანი.

ტერენტი გრანელი - ამოდის მთვარე და მაღლა იწევს

ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.

ხვალ გათენდება დღე უცნაური
და შორს ღრუბლებით ცა დაისერა.
მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური,
მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა.

მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,
ძვირფასო, ეს დროც გაივლის ალბათ.
ჩემს წინ აწყვია ძველი წიგნები,
ჩემს წინ სკამია და კიდევ ლამპა.

ტერენტი გრანელი - არ ვხედავ ღრუბელს

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

ტერენტი გრანელი - არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა

არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.

ტერენტი გრანელი - არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს

არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე.

მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს,
ჩემი ფიქრები ისევ კივიან.
ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში
ყველაზე კარგი ეს ადგილია.

შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი,
ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია.
გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის,
ტყეა, მარტო ვარ და მეშინია.

ტერენტი გრანელი - არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ

არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი

შაბათია, ველოდები კვირას,
თეთრი სივრცე მწუხარებას მალავს.
ბინაში ვარ და, ძვირფასო, ხშირად
ტუსაღივით მენატრება გავლა.

ნელა გადის ღამეების რიგი,
სამარეა ჩვენი ყოფნის ბოლო.
ერთი თეთრი ღრუბელია იქით
და ოთახში სითეთრეა მხოლოდ.

ტერენტი გრანელი - არა ვარ, მინდა გამოცოცხლება

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.

ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება.

მურმან ლებანიძე – სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: ,,ვინ ვის?'' ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

მორის ფოცხიშვილი - სარკეში სარკე

შენთან ჩურჩული კვლავაც ტკბილია,
მე ვამსხვრევ ჩემი დუმილის კოლოფს,-
ამ ხიდზე მე ჯერ არ გამივლია,
მე ავაშენე ეს ხიდი მხოლოდ.

შენ რომ ყოველთვის გვერდით მყოლოდი,
ასე თუ ისე,იგრძნობდი ბოლოს,
ამ ეპოქაში მე არ ვცხოვრობდი,
ამ ეპოქაში ვიბრძოდი მხოლოდ.

ალბათ სიმღერაც ბრდღვნა და ომია,
ვდგავარ შენს წინ და წარსულს ვიხსენებ,-
აქ მოსვენება მე არ მქონია,
ცხადია,ვერც იქ ვერ მოვისვენებ.

ტერენტი გრანელი - არავინ არის, გული დაობლდა

არავინ არის, გული დაობლდა,
მიწაზე წვება ხეების ჩრდილი.
ეს ხომ კუკიის სასაფლაოა
და სასაფლაო კარგია დილით.

ისევ ნოემბრის მზიანი დღეა,
მიდიან დღენი უმეგობრობის.
ძვირფას კლავდიას21 საფლავთან ვდგევარ
და მაგონდება ახლა გობრონი.

ნოემბერია და ისევ გრილა
და ვხედავ, ცისკენ მიფრინავს ქორი.
გარშემო ელავს მზიანი დილა
და მე ვსეირნობ საფლავებს შორის.

ტერენტი გრანელი - აღსარება ქუთაისს

მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, -
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.

ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.

ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,
ველი სხვანაირ დღის გათენებას.

ტერენტი გრანელი - ასე თავდება ჩემი ცხოვრება

ასე თავდება ჩემი ცხოვრება,
იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს.
მწყურია ზეცის გამოთხოვება,
მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო.

მგონია ეს დრო სიკვდილს მავალებს,
ვწევარ და მინდა გავიდე ველად,
ვწევარ და კივის შორს ორთქლმავალი,
კივის და თითქოს თხოულობს შველას.

სიცოცხლე ქრება, მე რაღაც მშველის,
ქსელში გავები, როგორც ობობა.
მე ახლა ვწევარ და სიკვდილს ველი,
ეს ისევ კამოს სავადმყოფოა.8

ტერენტი გრანელი - ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი

ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი
(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .
მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ
და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.

ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა
და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,
ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა.

და იყო ბაღი და თეთრი სკამი,
მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები.
და იყო წამი, ცისფერი წამი
და იყო წამი სხვა გარინდების.

ტერენტი გრანელი - აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები,
საკუთარ ხელებს ვუმზერ.
უკვე გათენდა, შავი დარდები
ნელა იშლება გულზე.

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა, სარკესავით ლურჯი.

ტერენტი გრანელი - მე და გალაკტიონი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ანა კალანდაძე - იყალთოში

აქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე
გულთამკოდავი,
მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს
ჭრელი კოდალა...
მზე კაშკაშებს და... გადიშრიალეს
შავთა ღამეთა...
ალაზნის ველზე ნათლის სვეტივით
დგას ალავერდი...
და, როგორც ტყეთა მოუსვენარი
სული, მშფოთავი,
სადღაც ხმაურობს,
სადღაც ქოთქოთებს
ჭრელი კოდალა.

ანა კალანდაძე - ასეთი დარი თუ იყო მაშინ?

მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა,
იდგა თბილისი, როგორც ერეკლე
ხმალშემართული ნარის ციხესთან...
ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა...
ასეთი დარი თუ იყო მაშინ,
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა?

ანა კალანდაძე - არაბი ხარ

დგახარ ქუჩის განაპირას,
ვარდებს ჰყიდი...
- ჩემო კარგო,
არაბი ხარ?
- იეზიდი...
როგორც ია
თავდახრილი ბუჩქის ძირას,
მორცხვი ხარ და
როგორ გშვენის კდემა დიდი...
- თქვი, შავთვალავ,
არაბი ხარ?
- იეზიდი...

მუხრან მაჭავარიანი - ვითარცა მტკვარი

მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას სციოდა, _
და
დრო
გადიოდა.

ვითარცა ღვინო _
ქვევრიდან
ხაპში _
ხაპიდან
დოქში _
დოქიდან
ჯამში _
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში.

ილია ჭავჭავაძე - ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

ილია ჭავჭავაძე - მესმის, მესმის სანატრელი

მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვლად მონობისა.

აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში...
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში!

ილია ჭავჭავაძე - დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან

დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;

რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,
გულწრფელობითა და სიმართლითა,
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:

იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში!
შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა;
თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან — ჩრდილში
ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.

ილია ჭავჭავაძე - დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა


დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში.

დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას,
და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი.
ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ
არ მომიხრია ამაყი თავი.

ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ,
გვიან შევიტყე ეს ცდომილება;
ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ
არც მეცინება, არც მეტირება.


აკაკი წერეთელი - გაუბედავი სიყვარული

ათი წელი,
მწარედ მწველი,
გულს მიდაგავს ტრფიალება!
და უბრალოდ
სავალალოდ
ჩემს გულშივე იმალება!

მიძგერს გული
აგზნებული,
მაგრამ გონი მიბამს ენას.
მისი სხივით
სანთელივით
ვდნები და თანც ვმადლობ ზენას!..

თუ ისიც მცნობს
და ისიც გრძნობს,
ჩემებრ იწვის უხმოდ ერთი...
მაშ, ოხ, ღმერთო,
რად წაგვერთო
ჩვენ კავშირი შემაერთი?!

აკაკი წერეთელი - გაზაფხულის მაყრები

მიიპარება ზამთარი,
ძალ-ღონე გამოელია,
და თვალს არიდებს გაზაფხულს!..
რა ცუდი მასპინძელია!

კარის-კაცები თან მიჰყავს:
ანთება, სურდო და ხველა:
“წინ წყალი, უკან მეწყერი!..
წყალმა წაიღო სუყველა!”..

მის ნაცვლად ველით გაზაფხულს:
ჟუჟუნა, მშვენიერია!..
იმისი ტანისამოსი
უცხო და მრავალფერია!

აკაკი წერეთელი - გაზაფხული

დღეს მერცხალი შემოფრინდა, -
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
“გაზაფხული! გაზაფხული!”
გულს იმედი დამესახა.

მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა! -
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!

სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!

აკაკი წერეთელი - ახალი სიმღერა

პატარა ბიჭი ვიყავი,
პატარა ბიჭუკელაო;
“დაურჩი დედას, კარგი ხარ!”
შემომნატროდა ყველაო.

პატარა გოგო მიყვარდა,
პატარა გოგუცანაო;
ცაში ვარსკვლავიც არ ბრწყინავს
ლამაზი იმისთანაო.

თავი მოგვწონდა ორივეს,
გულს კარი ჰქონდა ღიაო;
შიგ ჭიკჭიკობდა ბულბული,
ვარდი ჰყვაოდა, იაო.

აკაკი წერეთელი - ახალი გზა

ნუ იფიქრებ, დაგაყვედრო,
შე მაცდურო ჩემო მუზა,
იმისთვის, რომ შენის რჩევით
ეკლიანი შემხვდა მე გზა!

გმადლობ კიდეც მისთვის, რომ შენ
ამიხილე ბრმასა თვალი,
თუმც კი ჩვენში ცხოვრებისთვის
მწარე არის ეგ წამალი:

სად ვერც იტყვი, ვერცა ისმენ,
ვერც რას ნახავ საამურსა,
იქ რად უნდა ბაგეთ სიტყვა,
თვალთ ხილვა და სმენა ყურსა?!

აკაკი წერეთელი - აღმართ-აღმართ

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული;
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

აკაკი წერეთელი - ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედ

შენს წმინდა საფლავს,
გულის მოსაკლავს,
დავყურებ, გმირო, სულგანაბული;
შენგან ქებული,
დავიწყებული
დღეს მაგონდება ჩვენი წარსული!

თვალცრემლიანსა,
გულსევდიანსა
ენა მებმება, ვერრის ვარ მთქმელი,
და ან-კი რა ვსთქვა?
გულზედ მადევს ქვა
მეცა შენსავით, გულის დამწველი.

ეს არ-სანატრო,
უკუღმართი დრო
სიცოცხლითვე გვკლავს, გვედება ბნელი,
არცა გვაქვს ძალი
და არც წამალი...
სად არის მხსნელი, რომ მოგვცეს ხელი?!

აკაკი წერეთელი - ავადმყოფი მგოსანი

ბედო შავპირო, უპირო,
ამრევო გზა და კვალისა!
სულს ნუ ამომხდი, მაცალე
დახამხამება თვალისა!...

აჩრდილიღა ვარ წარსულის
და ლანდი მომავალისა!...
ვის შერჩენია, მე შემრჩეს
გადახდა სოფლის ვალისა?

მაგრამ სურვილმა მომხიბლა
ცრუ მოიმედე ხვალისა;
ჩამიხმატკბილა ჩანგურმა
და გული გამიხალისა:

აკაკი წერეთელი - ავადმყოფი

არ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს
და ისევე გაიღვიძებს!..
ვინც შენატრის იმის სიკვდილს,
უმალ მასვე დაამიწებს.

ბევრის ბრძოლით დაღალულსა
ეჭირვება მოსვენება!
შემცდარია, ვინც გულს იტეხს:
წესი არის და ბუნება!

ჩვენ კი ჩვენდა თავად გეტყვით:
გულსა სწამს და ჭკუას სჯერა,
რომ ჯერ კიდევ არ გამქრალა
მომავალი ბედისწერა!

აკაკი წერეთელი - ჩემო თავო, ბედი არ გიწერია

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!
ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!
ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,
რადგანც სატრფო, ვხედავ,ჩემი მტერია!..
მით ჯოჯოხეთს მარად გულით ვატარებ!
თუ მარტო ვარ, თავს მომაკვდავს ვადარებ,
თუ ხალხში ვარ, ძალით ღრუბელს ვადარებ
და მოწყენით ჩემზედ მტერს არ ვახარებ,
რომ არა სთქვან ჩემზედ: “რა ოხერია!”
ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!
ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!
ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,
რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!..

აკაკი წერეთელი - ღმერთო, წვიმა მოიყვანე

ღმერთო, წვიმა მოიყვანე
წითელი და შხაპუნაო,
რომ გავიდეთ სამუშაოდ
და დავსძახოთ “ჰოპუნაო!”

რომ ქალებიც გვერდში გვედგენ
ნამგლითა და ცელითაო;
ჩვენგან მოჭრილ თავთავს ჰკრებდენ
მადლიანის ხელითაო!

შვილებიც თავს დაჰხაროდენ
მობრუნებულს ალოსაო;
“ოროველას” დასძახოდენ
მამა-პაპურ კალოსაო!

აკაკი წერეთელი - სანამ ვიყავ ახალგაზრდა

სანამ ვიყავ ახალგაზრდა
და სიამით ძგერდა გული,
ვნატრობდი და არ მეღირსა
ბედუკუღმართს სიყვარული.

როს დავბერდი, დავუძლურდი,
სახე დაჭკნა, დამეღარა,
სიყვარული რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!

სიღარიბე კვალში მდევდა,
კარის-კარზედ დამატარა,
აწ სიმდიდრე რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!

აკაკი წერეთელი - რაც არ იწვის, არ ანათებს

რაც არ იწვის, არ ანათებს, -
უჩინარად ლპება ნელა.
მოდი, დამწვი, სიყვარულო,
მიაშუქე, სადაც ბნელა!

ერთი წამიც კი სიცოცხლის,
თუ სხივების მომფენია,
უსინათლოს და უგრძნობელს
საუკუნეს მირჩევნია.

მართალია, მთას რომ დასთოვს,
თან სიგრილეც ბარში დაჰკრავს!
თავზე თეთრი, თმა ჭაღარა
გულს აგრილებს, გრძნობას სჩაგრავს;

აკაკი წერეთელი - თვალს მიხვევენ...

თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ,
და მაგდებენ საკირეში!
ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა
მითვლიან მე ერთ კვირეში!

მამა-პაპის სწორ გზაზედა
სიარულსაც კი მიშლიან,
მაგიერად მათ მრუდ გზაზედ
ფიანდაზებს ფეხთ მიშლიან!

ვერ დავაგდებ ძველსა გზასა,
გინდა იყოს ეკლიანი:
ვიცი, სხვებიც მომყვებიან
ჩემებრ შავბედ-ეტლიანი!

ილია ჭავჭავაძე - ელეგია

მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!

ვიდექ მარტოკა… და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება…
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

ილია ჭავჭავაძე - ლოცვა

მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა…
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: ”შეუნდე, – არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”

ილია ჭავჭავაძე - უსულდგმულო ცხოვრება…

უსულდგმულო ცხოვრება
ცის ნიჭად ნუ გგონია,
იგი მიწის ყოფილა —
რასაც ბოლო ჰქონია!

ცხოვრებას აცისკროვნებს
სული, საქმით მეტყველი,
და ის უბოლო არის,
ვით სულის შთამბერველი.

ნეტა ვინც კარგის საქმით
აღნიშნავს თავის დროსა!
ის აქავ ეწაფება
უკვდავების წყაროსა!..


კონსტანტინე გამსახურდია - ზღვის ფერი გაქ თვალები

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს…
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.


გიორგი ზანგური - უძრავი ქალაქი

უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად...
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო!

მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია,
მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფვა;
და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან,
შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება!

მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია!
რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან,
ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა!

გიორგი ზანგური - ცა მეტი

შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.

გიორგი ზანგური - ქურდი

"ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო
ისე თამამი და კალმახური
ტანზე არ მაკმარა საბანი და
თავის სიმხურვალეც დამახურა.

ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები,
როგორც ქალწულობის მიტოვება,
ჩემზე გაიზმორა დალოცვილი
ისე ვნებიანად იტორება?!

სუნიც ისე ჰქონდა ალესილი-
ველურ ყვავილების სატევარი
ჩემდა უნებურად გავიფიქრე
"ღამე გამიხდება სათევარი".

გიორგი ზანგური - ყვავილების გვირგვინი


მუცლიდან გარეთ,
გარედან შინ,
რწევა აკვანში
რწევა აკვანში
რწევა აკვანში.
დედის გარეშე 
პირველ ნაბიჯებს
სწავლობ მანეჟში,
სიტყვის უაზრო
ისმის თამაში:
მინდა "ატაში".
სკოლიდან სახლში
მარტო მიდიხარ,
უკვე დიდი ხარ,
თანაც ხიდი ხარ,
როცა მამიკოს 
ლანძღავს დედიკო,
ყვავილებს ჩუქნი
კლასელ მედიკოს
არ იცი რატომ.
თანდათან პალტო
მოკლდება ტანზე,
წარმოდგენებმა
საკუთად თავზე
უცებ იმატა,
და გაგინათა აზრებმაც
გონი, მეგობრობაში 
ჩახვედი კონი-
გამსკდარი ტუჩი
და შეუერთდი 
ქუჩის დარაჯებს,
ბირჟას ამაგრებ.
თუთუნს არ აკლებ 
რგოლებს და ნაფაზს,
ყვავილებს უკვე 
უგზავნი მაკას.

გიორგი ზანგური - ქალაქი სადაც...

ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას-
ქალაქს, რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა,
სიზმრის მოყოლად გაუმხილეს მტერს ისტორია
და ყოველ ღამეს ტრადიციათ გადექცათ სროლა;

სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას
და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან,
სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება
და ლოლოები მაისშიაც აღარ დნებიან.

ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი,
ყვავილის ნაცვლად რომ მიართმევს გატეხილ სარკეს
იქ სადაც კვდება მიჯნურებში ალერსის ნიჭი
და ბუხრის შეშად უკეთებენ ბალზაკს და მარკესს.

გიორგი ზანგური - არაფერი ისე უბრალოდ

ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.

სულ ნერვების ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვაპირებ,
ჩემი სახლის ფანჯრებთან.

შევიძულე სტუმრობა,
მეგობრული გარემო,
ეს ტყუილი გრძნობები
ცარიელი ქალების.

ანა კალანდაძე - საქართველოო ლამაზო

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი…
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი…
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი…
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი…
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“

ანა კალანდაძე - ვერ წაიღეს, ვერა!

მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან, –
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
დაიჭრა და მიწას სისხლი დაეწვეთა…
ბუბუნებდა კავკასიის მიწა…

სამშობლოის ცას სცოდნია გაშლა ლურჯად…
ცხრათვალა მზე თავს დაადგა მხედარს…
კვდება გმირი? სამშობლო ხომ გადაურჩა?
გავზარდეო, იტყვის ქართვლის დედა!

ცეცხლმა დაწვა ცა მწვერვალზე დანაფერდი,
მზე რომ გადიწვერა…
მერე რა, თუ… სუნთქვას შეწყვეტს ფართე მკერდი?
ვერ წაიღეს, ვერა!

გალაკტიონ ტაბიძე - ისევ ახალგაზრდობას

ცხოვრების გზაზე მენავეს
ტალღა სცემს ხმაონავარი.
სულის სიმტკიცე აქ გვმართებს -
აი, რა არის მთავარი.

რაც ომმა ჩვენ მოგვაყენა
ჭრილობა სხვადასხვაგვარი,
უნდა მოშუშდეს, აი, რა,
აი, რა არის მთავარი.

მეცნიერება კი მზეა,
ფუძეა, მტკიცე ჯავარი.
შრომა, ცოდნა და სიმართლე
გვწამდეს, ესაა მთავარი.

გალაკტიონ ტაბიძე - იდიდე, სამშობლოვ, იდიდე!

ბუმბერაზ ზღვის კიდე,
ცის კიდე,
ომია, ღელვა თუ სიმშვიდე,
იდიდე, იდიდე, იდიდე!

იბრძოდე, სჭედავდე თუ მკიდე -
წინაპრებს ჰბაძავდე სიკვდიმდე,
დედაო ქართლისავ, გმირთ ზრდიდე -
იდიდე, იდიდე, იდიდე!

მრავალ წელს მუხანათს შიშს ჰგვრიდე,
იმრავლე, იცოცხლე, იმკვიდრე!
ჩანგები გულისკენ მიზიდე,
იდიდე,
სამშობლოვ,
იდიდე!

გალაკტიონ ტაბიძე - მამული

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე – რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ… ვწუხვარ და მენანება!

გალაკტიონ ტაბიძე - მე და ღამე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

გალაკტიონ ტაბიძე - მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

გალაკტიონ ტაბიძე - არწივებს ჩასძინებოდათ

ჩასძინებოდათ არწივებს,
სთვლემდნენ მუხათა ტოტები,
ბნელ ღამეს ააქარცივებს
მკივანი მიკიოტები.

არწივებს ჩასძინებოდათ,
ბედი არ სთვლემდა ცბიერი:
შორით შორს ალი ჩნდებოდა,
ცეცხლი გორავდა ძლიერი.

ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა,
როგორც ძნას შემოდგომისას.
არწივებს ჩასძინებოდათ,
სიზმრებს ხედავდნენ ომისას.

ნიკოლოზ ბარათაშვილი - ფიქრნი მტკვრის პირას

წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

ნიკოლოზ ბარათაშვილი - სუმბული და მწირი

მწირი

სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო,
რომ შენსა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო?
მარქვი, სადა არს სუნი შენი, ამო და ნელი,
რომლით ათრობდა სიცოცხლის ჟამთ ლამაზი ველი?

სუმბული

მწირო, ხომ ხედავ, მოვჰკლებივარ ჩემს სამშობლოს გულს,
ჩემთ სწორთა ყვავილთ, მშვენიერს ცას და ჩემსა ბულბულს.
აგერ მაისი ააყვავებს ტურფად ბუნებას, 
მოვა ბულბული და დაუშტვენს სიყვარულის ხმას,
ხოლო მე ხშული ბნელსა სადგურს და სევდიანსა, 
ვეღარ ვიხილავ ჩემსა ტურფას და ტკბილს მგოსანსა!

მწირი

ნუ თუ ვერ ჰპოვებ აქ სანაცვლოს, ვერც რას საამურს,
სადაც ოქროთი და ვერცხლითა გიმკობენ სადგურს;
სადაცა კაცი შენს შვენებას ესრეთ ინახავს,
რომ მზე ვერ გიჭკნობს და სიცივე ვერა დაგაზრავს?

გრიგოლ რობაქიძე - წმინდა ნინო

ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები,
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.

მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,
გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია –
ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან
და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.

კონსტანტინე გამსახურდია - ტფილისური საღამო

ცას გაეკრა ღრუბელი, ვით შუბლს ფიქრი ფარული,
ჩემორეცხა წვიმამ ცას ღაწვით ფერუმარული;
ნისლის რუხი ზოლები მძინარ სახურავიდან
მიიწევენ ცისაკენ გაწეწილი კავითა.

სულიც ისე ისრწაფვის, ცისკენ მზეგადასული,
როგორც კვამლი საღამოს, საკმეველად ასული.
მოიბურა მთაწმინდა ნისლის სამოსელითა,
ღმერთმა ციდან დაუშვა ოქროს ჯაჭვი ხელითა.

ფიქრი მოვა საღამოს, ფიქრი შავნაღვლიანი,
შეამოაღებს ჩემს კარებს როგორც მგზავრი გვიანი.
ბნელ ქუჩებში უმიზნოდ, დავალ დავეხეტები
ვნახო მტკვარში ვითა კრთის სინათლისა სვეტები.

გალაკტიონ ტაბიძე - უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,

ნიკოლოზ ბარათაშვილი - შემოღამება მთაწმიდაზედ

ჰოი, მთაწმიდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმილობა დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ნიკოლოზ ბარათაშვილი - საყურე

ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,

უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას

შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!

ირაკლი აბაშიძე - შვილები

რას შემოაქვს ჩვენს ქალაქში სიცოცხლე?
რა ფიქრებს ატანს ზღვის ღელვას,
რა მოაქვს დასავლეთიდან ქარს?
ვინ უხმობს ჩვენთვის

სამყურების წვიმას-
კალაჰარის სიოსავით ნაოცნებარსა და სასურველს?
ვინ ჩააცმევს შთამომავლობას,
ვინ დააპურებს მათ ღირსებით და სინათლით?

დაისვენეთ ბავშვებო,
მოგთენთათ და დაგქანცათ პაპანაქება სიცხემ,
უფროსები აღარ მღერიან და
თავად თქვით ლექსები,

ირაკლი აბაშიძე - აბუდელაურის ტბა

ახალი ნავით მოადექი მშობლიურ ნაპირებს,
მშობლიურ ნაპირებს _
წინაპართა საფლავებით მძიმეს და მსუბუქს,
მსუბუქს,

რადგანაც გულზე მსუბუქად დაეყარათ მშობელი მიწა
მაგ შენს წინაპრებს.
საიდან მოგაქვს ეს ხმები,
ეს ჰანგები?

რომელი გზებით მოაღწიე,
მოაღწიე რომელი გზებით?
საიდან მოგაქვს ეს ვარამი,
ეს დარდობანი _

ირაკლი აბაშიძე - 15 იანვარი

დაიწყო,
რომელიც არც დამთავრებულა,
რაც წელში გამტეხს
და სულში ნაცრად დამეფიფქება,

დაიწყო დილიდან
და ყოველდღიურად გრძელდება ძილამდე.
ძილში კი სიზმრებად მოდიან ბავშვები,
მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ,

ვიჭრები კითხვებში,
ვიჭრები წერაში
და კიდევ ლექსებში,
რომლებიც ზეპირად არ ვიცი.

გალაკტიონ ტაბიძე - ეფემერა

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.

ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,
ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.

ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები,
იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.

გალაკტიონ ტაბიძე - ცამეტი წლის ხარ

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

მუხრან მაჭავარიანი - წარბმაღლობენ ყაყაჩონი

კაცი ვიცი ერთი-ორი,
არაკაცი _ ათასობით.
მზეკაბანი მიდი-მოდის.
წარბმაღლობენ ყაყაჩონი.
ეს სოფელიც, სხვათა შორის,
«ბრუნავს ვითა ტანაჯორი».

მუხრან მაჭავარიანი - რომ არ ამეღო ხელში წიგნი

რომ არ ამეღო ხელში წიგნი ,
თოხი მჭეროდა .
რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან .
რომ მეთოხნა და შემესარა მხოლოდ ვენახი .
დიდი ქალაქი
რომ არ მენახა ! -

მეყოლებოდა ახლა ხარები .
შემოდგომაზე მთიდან შეშას ჩამოვიტანდი .
არ ვიქნებოდი აღარც ღარიბი ,
აღარც მდიდარი .

ცოლი ყოველდღე თიხის კეცებს გაახურებდა ,
ცივ სოხანეზე
გადმოდგამდა ლობიოს ქოთნით .
მეყვარებოდა როგორც მიყვარს მინდვრიდ ყურება -
აიზლაზნება
მინდვრებიდან
როდესაც ორთქლი .

მუხრან მაჭავარიანი - მიწავ ჩემო

შენი, მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!

იმერეთო ქვემო,
იმერეთო ზემო, -
სიყვაროლო ჩემო,
სიხარულო ჩემო...
ძამა გურულებო,
ჯიმა სამეგრელო,
ძმაო ქართლ - კახეთო,
მესხეთ - ჯავახეთო;
მარნის ჩვენის ეშხი
მტერსაც ჩავახეთქოთ,
ოღონდ ჩვენს საქმეში
ნაკლებ ჩავახედოთ.

გალაკტიონ ტაბიძე - მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდებაი
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივიი
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა

გალაკტიონ ტაბიძე - წუხელ ღამით

წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა:
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული და მწარედ,
მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი,
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს.

გალაკტიონ ტაბიძე - ლურჯა ცხენები

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

გალაკტიონ ტაბიძე - იისფერი თოვლი

მე ძლიერ მიყვარს  იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

გალაკტიონ ტაბიძე - არიან დღენი

არიან დღენი, ხანჯალივით ბასრი და მჭევრი,
ოდეს სისხლივით აღელდება ოცნება შენი.
შენ გელანდება მოკლულებით ფენილი ტევრი,
შენ გინდა იყო უსულგულო ცხოვრების მტევრი,
ელვარე ცეცხლით გადაბუგო მთანი და ტყენი,
არიან დღენი, საუკუნოდ უფრორე მძლენი.
ტყვია-წამლით და დინამიტით მსუნთქავი ქვევრი,
აფეთქებანი, შეკივლება, ძახილი, ბევრნი
არიან დღენი.
არიან დღენი... ცეცხლისა და მახვილის კევრი,
ათასწლოვანი ადგილიდან სხლტებიან კლდენი;
იმ გულს ეკუთვნის თვითეული თემა, შედევრი.
არიან დღენი.

გალაკტიონ ტაბიძე - ბედის იქით!

დავხუჭე თვალი, გულის სიღრმეში
რომ დამენახა რამე ნათელი
და მოვიგონე ნეტარნი დღენი
და გაზაფხული უკანასკნელი.

რა ადრე მოკვდა. რა ადრე მოკვდა!
ახლა ღამეა... ქვითინებს ქარი,
რომ გამახსენოს ტკბილი წარსული
და მოგონების სახე ნეტარი.

მაგრამ ვის ველი. ან რად ვღონდები,
განა არა მაქვს წინ მომავალი?
რად ჩავიგონო გზის უმიზნობა.
რად ავარიდო სიცოცხლეს თვალი?

გალაკტიონ ტაბიძე - დაიჯერე, თუ არ გჯერა

დაიჯერე, თუ არ გჯერა,
რომ ეს გლოვის ზარებია,
არ მინახავს შენი მზერა
და არავინ მყვარებია.

დაიჯერე, თუ არ გჯერა,
მოვიარე მიწის კალთა,
თანა მდევდა ბედისწერა
ჩემთა უგზო ხეტიალთა.

გალაკტიონ ტაბიძე - სასაფლაონი

სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა.
ჰაერი ლურჯი აბრეშუმია.
ორქიდეები ეცემა ნილოსს, როს მხურვალება
ქვიშაზე კვნესის
უნდა, რომ სული არ მიისილოს, უნდა სამარე
ჰპოვოს რამზესის.
ის იყო მეფე. ახლაა მტვერი, რომ საუკუნეთ
რიგი გარიყოს,
არ შეუძლია იყოს პირფერი, არ შეუძლია
მტვერი არ იყოს.
და საუკუნეთ რიგს თვლის მუმია: მზიანი დღეა
თუ სამუმია.

ტერენტი გრანელი - ჯეკი

დღეა და ძაღლი ისვენებს ჯერ კი,
ისვენებს იგი და თანაც ნაღვლობს.
როს დაღამდება მოხუცი ჯეკი
მეგობარივით დაწვება ახლოს.

ეს ძაღლი ხშირად კაცი მგონია,
ალბათ მას ტანჯავს ფიქრების წყება.
ჯეკი ძლიერი ხმის პატრონია,
სდუმს, უმიზეზოდ არ იცის ყეფა.

და ღამეები მას არ დაღლიან,
დაბერდა, შვებას ის აღარ ელის.
ჯეკი პატარა თეთრი ძაღლია,
ყავს მეგობარი და საყვარელი.

ტერენტი გრანელი - ხსოვნის სიმაღლე

დამძიმდა ბედი, ხსოვნის ტარება,
არ მოსჩანს თეთრი მზე ლანდემინის.
და სიზმარივით თვალს ეფარება:
თბილისი, ცრემლი, დღე რამდენიმე.

ო, გაქრა ლოცვის ფარული სფერო,
და ვურიგდები სიკვდილზე ზამთარს.
მოვიდა რიცხვი საბედისწერო
და სულის ირგვლივ უცებ დაღამდა.

ახლოს არ დარჩა ვარდი არცერთი
და გლოვა კრთოდა ბედის წყაროდან.
ჩამქრალ თვალებით ნუგეშს ვეძებდი,
ვეძებდი ნუგეშს და მიხაროდა.

ტერენტი გრანელი - ხმები ოთახიდან

ისევ კედლებთან ვწევარ მგლოვიარე,
ძველი ხსოვნა მოაქვს ეზოდან ძახილს.
ბევრი სასტიკი ღამე გავიარე,
რამდენ წვალებას მალავს ეს ოთახი.

რკინაზე ცივი ეს ჩემი მკერდია,
ო, როგორ მოსჩანს ჭერი გაბზარული.
ხმამაღლა ვამბობ: ჩემთვის სულერთია
ვარდით თუ ეკლით ვიქნე დაფარული.

ისევ მიხარია დღეს გასვლა მზეზე,
დღეს ჩემი სახე ბევრის მეტყველია.
და ცეცხლივით მწვავს ფიქრი სიშორეზე
და ირგვლივ მხოლოდ ოთხი კედელია.

ტერენტი გრანელი - საიდუმლო მისალმება ჭლექიან სამრეკლოს


ზამთრის დღეები, ყრუ სიცივე და პროცესია,
ნელი სურვილი, შუაღამის თეთრი გოდება.
ჩემი სავანე უდაბნოა და შეცოდება,
ვერ გავექეცი მზერამოღლილს და მიზეზიანს.

ზარების რეკა წერტილებით შემომესია,
უიღბლო ყოფნის სინანული სულში გროვდება.
საქართველოში მხოლოდ შენ ერთს თუ გაგონდება
გაბრწყინებული ჩემი სახე, ვით ეკლესია.

ო, ჩემი სული უერთდება ქალაქს მტვერიანს,
დავიკარგები, როგორც მამის ძველი ნისია,
როცა იელვებს კვირეები და ისტერია.

ტერენტი გრანელი - მთვარე ციხიდან

ვზივარ, საკანში ბინდი შემოვა,
და ისევ ციხის ქსელში გავები.
ახლა თბილისი გრძნობს უჩემობას,
და ჩემს ტყვეობას გრძნობს ვარსკვლავები.

უფრო გარეთ ვარ, უფრო ქარია,
ფიქრი ზღვასავით ნელა ირხევა.
და თითქოს მთვარეც პატიმარია,
და თითქოს ზეცა მისთვის ციხეა.

და ემსგავსება მთვარე დედოფალს,
და ახლა ცაზე ღრუბელთ ცხრილია,
მგონია, მთვარეც უიმედოა,
მგონია, მთვარეც დაჭერილია.

რატი ამაღლობელი - ცა

მზეს ჩაუსაფრდა ცისკართან
ფიქრი ფრინველის ნისკარტით.
ცაო, სივრცეებს მზის გარდა
მელან-იისფრად ნისლავდი.

ფრთებზე ოცნება გეწერა
ტანზე ბინდების ზეწარი.
მინდოდა ჩემი თვალების
სარკეში ამომეცანი.

ვცურავდი მელნის ნისლისკენ
წითელლაქება სიზმრებით -
ახლა არ ვიცი სისხლისგან
ღვინოს ვწურავ თუ ვიცლები.

გალაკტიონ ტაბიძე - ცამეტი წლის ხარ

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

ვახუშტი კოტეტიშვილი - ჩაკრულო

სიმღერავ ქართულო,
მარტივო და რთულო,
უნაზეს სიმებად,
სირმებად დართულო,

ცამდე აღმართულო
სართულზე სართულო,
წიაღით მომსკდარო,
სილაღით გართულო.

მრავალგზის ჩაგრულო,
სულო ვერჩაკლულო _
«ჩაკრულო»!

ვახუშტი კოტეტიშვილი - მზეოს


ჩემი მარტოობის ბაღში
გაჩნდა უცხო ყოილი,
როგორც უპატრონო ბავშვი,
ნიავს ჩამოყოლილი.

ჩამძახიან ვერ იქნება
ის შენს ხელში მოვლილი,
რადგან წლები ეფიქრებათ
ჩემზე ჩამოთოვლილი.

რა იციან, ზოგჯერ დარობს
დეკემბერში მაისი
და ენძელაც თოვლქვეშ ხარობს,
როგორც ედელვაისი.

ვახუშტი კოტეტიშვილი - ბოლო სადღეგრძელო

ესეც ჩემი იღბალი თუ ბედი _
გამიფრინდა სიხალისის მტრედი.

ესეც ჩემი იღბალი თუ წერა _
ქვეყანაზე აღარაფრის მჯერა.

სიბრძნე, ღვინო, დუდუკი თუ ქალი,
ყველაფერი ამ ჭიქაში ვკალი.

შესასმელი დამრჩა ბოლო ჭიქა:
ჭირი აქა, ხოლო ლხინი იქა!

ილია ჭავჭავაძე - ბაზალეთის ტბა

ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო, წყლის ქვეშე,
უცხო წალკოტი ჰყვავისო.

მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს, თურმე, არ სჭკნება,
ქვეყნისა დროთა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.

ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.

ილია ჭავჭავაძე - ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

გურამ რჩეულიშვილი - მე მომერია დიდი სურვილი

მე მომერია დიდი სურვილი დავწერო
ჩემი ბიოგრაფია,
პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური,
ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით
და თავმდაბალი,
საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება _
და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას:
არა ვყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად,
არა ვყოფილვარ ასოთამწყობი,
არ განმიცდია ასოების, ლაქის სუნის და
ახლად გამოსულ გაზეთების არომატი,
არც დიდ ქუჩებში მიმუშავია
ფეხსაცმლის მწმენდავად,
წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ვყოფილვარ
და ლომიც კი არ მომიკლავს.
და ამის შემდეგ, ალბათ, აღარც

ილია ჭავჭავაძე - პოეტი

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.

დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო ჭმუნვასა და სიხარულში;

ილია ჭავჭავაძე - რისთვის მიყვარხარ?

რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ ცრემლსა
ჰბადავს ჩემს თვალში ეს სიყვარული;
მისთვის, რომ მტანჯველს ჩემს ავსა ბედსა
უფრო სასტიკად ებრძვის ეს გული.

რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ შენს თვალს
ჩემ გულის ალი არ უდნობს ცრემლსა;
მისთვის მიყვარხარ, რომ მაძლევ ტანჯვას
და იმ ტანჯვაში სრულ სიცოცხლესა.