გალაკტიონ ტაბიძე - არწივებს ჩასძინებოდათ

ჩასძინებოდათ არწივებს,
სთვლემდნენ მუხათა ტოტები,
ბნელ ღამეს ააქარცივებს
მკივანი მიკიოტები.

არწივებს ჩასძინებოდათ,
ბედი არ სთვლემდა ცბიერი:
შორით შორს ალი ჩნდებოდა,
ცეცხლი გორავდა ძლიერი.

ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა,
როგორც ძნას შემოდგომისას.
არწივებს ჩასძინებოდათ,
სიზმრებს ხედავდნენ ომისას.


ცეცხლი, ხავსებით დახალულს,
გზებს ალით შემოამძივებს,
იქ გაჩნდა, სადაც დაღალულს
ჩასძინებოდათ არწივებს;

გამოეღვიძათ არწივებს…
ცეცხლი! – შესძახეს წივილით,
ცეცხლი! – მიდამოც გასწივის,
ცეცხლი! – ტყე ამბობს ტკივილით.

არწივებს გაკიდებული
ფრთებს ცეცხლი გადაეყარა,
ფრთებზე ცეცხლწაკიდებული,
შორით გაფრინდნენ ვეღარა,

იქვე დაეცნენ სამზირად,
გულს თუმც გაფრენა სწადიან,
დაღლილნი, არაგვის პირად
ფრთადაკიდულნი დადიან:

„არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა“.

Galaktion Tabidze - Arwivebs Chasdzinebodat

No comments:

Post a Comment